რომის პაპმა ფრანცისკემ ღირსი ღვთის მსახურის სტატუსი მიანიჭა კატალონიელ არქიტექტორს ანტონიო გაუდის, რითაც ვატიკანმა მისი წმინდანად შერაცხვის პროცესი დაიწყო.
გაუდისთვის „ღირსის“ სტატუსის მინიჭება მის ბეატიფიკაციას აახლოებს – რაც გარდაცვლილ არქიტექტორს რომის კათოლიკურ ეკლესიაში ნეტარი მამების რიცხვს აკუთვნებს. ბეატიფიკაცია კი, თავის მხრივ, არის ნაბიჯი კანონიზაციისკენ – წმინდანად შერაცხვისკენ.
გაუდი, რომელსაც „ღვთის არქიტექტორს“ უწოდებენ, ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობის, ბარსელონის „საგრადა ფამილიას“ (წმინდა ოჯახი) დაუმთავრებელი საკათედრო ტაძრის პროექტის ავტორია, რომლის მშენებლობა უკვე 140 წელზე მეტია გრძელდება, ისევე როგორც მრავალი სხვა არქიტექტურული ღირსშესანიშნაობისა როგორც ბარსელონაში, ისე ევროპის სხვადასხვა ქალაქში.
„იგი ისწრაფოდა, რომ ხელოვნება ღვთის სადიდებელ ჰიმნად ექცია, თავის მისიად მიაჩნდა, ესაუბრა ღმერთზე და ადამიანები მისთვის დაეახლოებინა“, – ასე განმარტეს ვატიკანში პაპის ეს გადაწყვეტილება.
„საგრადა ფამილიას“ ტაძრის საიტზე აღნიშნულია, რომ არქიტექტორის დევიზი იყო: „ღვთისთვის მსახურება არქიტექტურის მეშვეობით“.
ანტონიო გაუდი ღრმად მორწმუნე კათოლიკე იყო და მის წმინდანად შერაცხვას უკვე ათწლეულებია ითხოვენ.
ტაძრის მშენებლობის დროს გაუდიმ ასკეტური ცხოვრების წესი აირჩია, მძიმე მარხვას იცავდა, რის გამოც ერთხელ კინაღამ მოკვდა.
მთავარი საბუთი, რომელიც გაუდის წმინდანად შერაცხვის აუცილებლობას ადასტურებს, ჟურნალისტ ხოსე მარია ტარაგონას მიერ დაწერილი მისი ბიოგრაფია გახდა.
ნანა ძნელაძე
დაკავშირებულ თემაზე: „საგრადა ფამილიას“ 140-წლიანი მშენებლობა 2026 წელს დასრულდება
„საგრადა ფამილიას“ 140-წლიანი მშენებლობა 2026 წელს დასრულდება