მეცნიერ-ფილოლოგსა და მწერალს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ ღია წერილი მიუძღვნა:
საქართველოს პრეზიდენტს ბატონ ზვიად გამსახურდიას:
ბატონო ზვიად! ვიღაცამ შეიძლება გაიკვირვოს, რატომ მოგმართავთ როგორც ცოცხალს, თუმცა სწორედ თქვენზე უთქვამს სულ კურთხეულ ვაჟა ფშაველას „ათას ცოცხალსა ბევრჯელა ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია“! დიახ, 30 წელზე მეტია ამ ქვეყნიერებას დაემშვიდობეთ, თუმცა დღესაც სჯობნით ამ ქვეყანაში „მოღვაწე“ უამრავ პოლიტიკოსს!
ეს ღია წერილი კი საჯარო მადლიერების გამოთქმის სურვილმა დამაწერინა! თურმე ბევრი რამის გამო უნდა გითხრათ მადლობა!
მადლობა, უპირველს ყოვლისა, იმისათვის, რომ ასეთი შეუვალი და უკომპრომისო იყავით, არც ერთხელ დაგითმიათ ქვეყნის ინტერესი! მადლობა, რომ პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ არასოდეს დაგიხურდავებიათ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა! ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე იყავით, ჩვენგან კი არა, ჩვენ თქვენგან ველოდით საბრძოლო ყიჟინასაც, შემართებასაც და გამოსავლის პოვნის საუკეთესო გზასაც! მადლობა იმისათვის, რომ არასოდეს გაქცეულხართ ბრძოლის ველიდან, არასოდეს მიგიტოვებიათ თქვენი თანამებრძოლები, მიტოვება კი არა, დაშლილ-დარბეულებს, ჩაწიხლულებსა და რეპრესირებულებს ისე შეგვბოჭავდი, გაგვაერთიანებდი და საბრძოლოდ აღგვანთებდი, რომ გოლიათთან შეჭიდებული ბიბლიური დავითის შთამომავლები გვეგონა თავი!
მადლობა იმისათვის, რომ ბედრკული საქართველო ასე გიყვარდა, მისთვის ბრძოლა არასოდეს გეზარებოდა, ხოლო როცა გარადუვალი დამარცხების საშიშროება იგრძენი, სწორედ შენ შეაკვდი პირველი მტერს და „გზა უვალი შენგან თელილი“ მომავალ თაობებს გმირობის მაგალითად დაუტოვე!
მშვიდად განისვენე, ბედნიერება იყო შენთან ერთად ბრძოლა, შენი მომხრეობა, რადგან შენზე ვერავინ ვერასოდეს იტყვის – ნეტავ ან რისთვის მოვიდა, ან კიდევ რისთვის წავიდაო!”