ყაზახეთის პრეზიდენტი გამოვიდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაყინვისკენ მოწოდებით

6 hours ago 6

ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი ომსკში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე გამოვიდა მოწოდებით უკრაინაში ომის უსწრაფესად დასრულებისკენ და განაცხადა, რომ ამ ომის გაგრძელება ხელს აძლევს მხოლოდ "რუსეთის და უკრაინის სახელმწიფოს მოწინააღმდეგეებს". ტოყაევს არ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობდა ამ ფორმულირებით.

"დასანანია, ცხადია, იღუპებიან ახალგაზრდა ადამიანები, და ეს ხომ ძმური ხალხების მთელი გენოფონდია" - თქვა ტოყაევმა რუსეთსა და უკრაინაზე. "ეს ყველაფერი უნდა გაჩერდეს" - განაცხადა მან და აღნიშნა - "ამ კონფლიქტის ბუნება ბევრისათვის ბოლომდე გასაგები არაა, მათ შორის ჩვენთვისაც". მოგვიანებით მან კიდევ ერთხელ თქვა - "ამის გაგება რთულია".

ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის გაყინვა შესაძლებელია მისი თქმით "სტამბოლის 2.0 შეთანხმებების" საფუძველზე. სავარაუდოდ, იგულისხმება წინადადებები, რომლებსაც სტამბოლში განიხილავდნენ 2022 წელს რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრის პირველ თვეში. ტოყაევის აზრით, გარანტიები უნდა გასცენ "დიდმა სახელმწიფოებმა", საკუთრივ რუსეთის ჩათვლით, და თავად მან უარი თქვა შუამავლის როლზე.

ტოყაევი ამბობს, რომ ბოლო დროს უკრაინაში ომის თაობაზე კონტაქტები ჰქონდა ევროპის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, და ამ კავშირების შედეგებით გადაწყვიტა საკუთარი შეხედულებების გამოთქმა.

პუტინმა - როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან - პასუხად განაცხადა, რომ "ტოყაევს დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებს" ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ.

პრეზიდენტები მონაწილეობენ რუსეთ-ყაზახეთის რეგიონული თანამშრომლობის XXII ფორუმში, რომელიც წელს ომსკში ტარდება.

ყაზახეთი საკუთარ ნეიტრალობას აცხადებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდანვე - თუმცა, ამასთან ეს ქვეყანა რუსეთთან და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოსთან გაერთიანებულია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ).

უკრაინის არმიამ რამდენჯერმე განახორციელა დარტყმა რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ კასპიის მილსადენთა კონსორციუმის ობიექტებზე. ეს საერთაშორისო პროექტი ემსახურება ყაზახეთის ნავთობის ტრანსპორტირებას. ბოლო ასეთი იერიში რამდენიმე დღის წინ იყო. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმებს უწოდა "ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაუშვებელი ხელყოფა". კიევი აცხადებს, რომ დარტყმები არაა ყაზახეთის წინააღმდეგ და მათი მიზანია რუსეთის პოტენციალის დასუსტება.

სრულად წაკითხვა