ყაზახეთში „ნაც. მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე დააკავეს - ამბობენ პარტიაში

1 month ago 22

„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, ყაზახეთში დააკავეს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, 2004-12 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე. პარტიის ცნობითვე, დაკავება რუსეთის ფედერაციის მოთხოვნას უკავშირდება.

ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა გააცნო.

ბეჟაშვილის თქმით, პარტიის ინფორმაციით, ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, აეროპორტში, საზღვრის კვეთისას.

„სავარაუდოდ, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ლევან ვარშალომიძეს ეხება და უკავშირდება მის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან“, - აცხადებს ბეჟაშვილი.

მისი თქმითვე, არსებობს ექსტრადიციის საფრთხე.

„ამიტომ ახლა ამ წუთას, ჩვენი ყველა რესურსი ჩართულია იმისათვის, რომ სწორი კომუნიკაცია გვქონდეს, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია და ყაზახეთის ხელისუფლებამ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც შედის საქართველოს და ყაზახეთის საუკეთესო ინტერესებში“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის განცხადებით, „რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული“.

„გასაგებია რატომაც არის ეს საქმე აღძრული, ამიტომ სწორი კომუნიკაცია საჭიროა იმისათვის, რომ დავიხსნათ ლევან ვარშალომიძე უკანონო დაკავებისგან“, - თქვა ბეჟაშვილმა.

ინფორმაცია განახლდება

სრულად წაკითხვა