„ყველაფერს გავიღებდი მასთან კიდევ ერთი ცეკვისთვის“- რობერტ რედფორდს მსახიობი ქალები ემშვიდობებიან

21 hours ago 1

ჰოლივუდის ლეგენდას, რობერტ რედფორდს, რომელიც  16 სექტემბერს გარდაიცვალა, პარტნიორი მსახიობი ქალები ემშვიდობებიან.
დემი მურმა, რომელიც რედფორდის პარტნიორი იყო 1993 წელს გადაღებულ ფილმში „უხამსი წინადადება“, სოციალურ ქსელში ფილმიდან ერთ-ერთი სცენა გამოაქვეყნა, სადაც მათი გმირები ნელ ცეკვაში ერთმანეთს ერწყმიან.

„მსოფლიომ დაკარგა გამორჩეული მსახიობი, რეჟისორი, მეუღლე, მამა და მეგობარი დაკარგა. რობერტის მემკვიდრეობა სამუდამოდ იცოცხლებს და მე გულში სამუდამოდ შევინახავ უამრავ მოგონებას, რომლებიც მასთან მაკავშირებს. ყველაფერს გავიღებდი მასთან კიდევ ერთი ცეკვისთვის“, — აღნიშნა მსახიობმა.

ძველ მეგობარს მსახიობი ბარბრა სტრეიზანდიც გამოეთხოვა. ისინი ერთად თამაშობდნენ სიდნი პოლაკის 1973 წლის მელოდრამაში „ორი გულის შეხვედრა“, რომელიც ექვს „ოსკარზე“ იყო ნომინირებული.
„ფილმის „ორი გულის შეხვედრა“ გადაღების ყოველი დღე ამაღელვებელი, დაძაბული და სიხარულით სავსე იყო. ჩვენ ისეთი განსხვავებულები ვიყავით: ის ცხენების სამყაროდან მოდიოდა, მე კი მათზე ალერგია მქონდა, მაგრამ მაინც ვცდილობდით ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო, როგორც ფილმის გმირები. ბობი ქარიზმატული, ჭკვიანი, ენერგიული, საინტერესო და ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი იყო. ბოლოს, რომ ვნახე, სადილზე მოვიდა, ხელოვნებაზე ვისაუბრეთ და ერთმანეთს ჩვენი პირველი ნახატები ვაჩუქეთ. მე უზომოდ მადლიერი ვარ, რომ მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მომეცა“, — დაწერა ბარბარამ.

მია ფეროუ, რომელიც ფილმში „დიდებული გეტსბი“ რედფორდის გმირის საყვარლის როლს ასრულებდა, გულწრფელად აღიარებდა, რომ რედფორდის მოხიბვლას უშედეგოდ ცდილობდა და მისგან უმცირეს ყურადღებასაც ვერ ეღირსა.

„მე კინოში გადაღებას მასთან სასიყვარულო როლების გამო ვაგრძელებ“ – ამბობდა მსახიობი ჯეინ ფონდა რობერტ რედფორდზე. პირველად ისინი 1960 წელს რომანტიკულ კომედიაში „დიდი ამბავი“ გადაიღეს. მაშინ ჯეინს მთავარი  როლი ერგო, მისი პარტნიორი ენტონი პერკინსი იყო, ხოლო რობერტს მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა, თუმცა 1966 წელს რედფორდმა და ფონდამ კრიმინალურ დრამაში დევნა მთავარი გმირები განასახიერეს. მათი პარტნიორი იმ დროის ლეგენდარული მარლონ ბრანდო იყო.

რობერტ რედფორდი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმას სპორტის სიყვარულს უმადლოდა. სკოლაში ბეისბოლითა და ჩოგბურთით იყო გატაცებული, 15 წლის ასაკში კი კასკადიორობა სურდა და Warner Bros-ის სტუდიას საკუთარი მომსახურებაც კი შესთავაზა. კომპანიამ მოზარდს უარი უთხრა, მაგრამ მომავალი ვარსკვლავი ამას არ შეუშინებია. ის ალტერნატიული კასკადიორი გახდა – ქალაქის კედლებზე დადიოდა, ვერტმფრენიდან ხტებოდა და ქუჩებში ავტომობილებით რბოლებს აწყობდა, შემდეგ კი ჰოლივუდი დაიპყრო და ცნობილი მსახიობი გახდა.

„პატარა კერძო თვითმფრინავში ვიჯექი, რომელიც სანტა-ფედან სანტა-როსაში მიფრინავდა, როდესაც ძრავა გაფუჭდა. ძრავის ხელახლა ამუშავებას ცხრა წუთი დასჭირდა. ამ ცხრა წუთში ყველაფერი გამოვცადე და საბოლოო კითხვამდე მივედი – როგორი იქნებოდა ეს? მაგრამ ვერ გავიგე.. დღემდე არ ვიცი“ – რობერტ რედფორდი.

სრულად წაკითხვა