ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის დაკავებულ ლუკა კურტანიძეს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინეს

1 day ago 5

მოჭიდავე ლუკა-ელდარ კურტანიძეს, რომელიც ყოფილ ცოლზე ძალადობისა და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო სისხლის სამართლის წესით დააკავეს ივლისის ბოლოს, ახალი ბრალი წაუყენეს.

ინფორმაციას მისი ადვოკატი ივანე მეფარიშვილი აცხადებს.

15 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე, მან განაცხადა, რომ ყოფილ დეპუტატსა და მოჭიდავეს გამოძიებამ ბრალი კიდევ ერთი მუხლით - საკუთრების უფლების დარღვევის მუხლით წარუდგინა:

„პროკურატურა ედავება ოთხი მუხლით. ეს არის ძალადობა, ნივთის დაზიანება, შემაკავებელი ორდერის დარღვევა და საკუთრების მფლობელობის დარღვევა. 160-ე ახალი მუხლია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაემატა აღნიშნულ საქმეს.

ბრალდებულის პოზიცია არის შემდეგი: ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მისი შვილები უსაფრთხო, კეთილ გარემოში ყოფილიყვნენ და ეცხოვრათ უზრუნველყოფილებს“, - თქვა სხდომის დაწყებამდე ელდარ კურტანიძის ადვოკატმა.

15 ოქტომბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, რომელზეც ელდარ კურტანიძის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხიც განიხილეს, ბათუმის სასამართლომ ის კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო ახალი დანაშაულის ჩადენის და განმეორების საფრთხეს ხედავს, ამიტომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ყოფილი დეპუტატი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა.

როგორც "ტვ პირველის" ჟურნალისტი სასამართლოდან იტყობინებოდა, სხდომაზე ელდარ კურტანიძემ თქვა, რომ ფიზიკური ძალადობის ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს, "დანარჩენში - არა".

"მინდა საზოგადოებას და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს შენდობა ვთხოვო, რადგან ეს პროცესი ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. მთელი ცხოვრება ვემსახურები საქართველოს და ბევრი თუ არა, ცოტა მაინც გამიკეთებია. ვითავისებ ამ მდგომარეობას და არცერთი დღე პატიმრობისა სინანულის და ცრემლის გარეშე არ გასულა", - თქვა ელდარ კურტანიძემ.

მოჭიდავე ლუკა კურტანიძე, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ყოფილი პარლამენტარი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და შსს-ს აკადემიის ყოფილი პრორექტორი, ქობულეთში ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ, ივლისის ბოლოს დააკავეს. ძალადობის კადრები გავრცელდა სოციალური ქსელითაც.

კადრებში ჩანდა, რომ პოლიცია ცდილობდა შეეჩერებინა ლუკა კურტანიძე, რომელიც ყოფილი ცოლისკენ გინებით მიიწევდა. ამ დროს ქალი ძირს დაეცა.

ლუკა კურტანიძე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" (2015-2016 წლებში); საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 2012-2014 წლებში; შსს-ს აკადემიის პრორექტორი 2013-2015 წლებში. 2002 და 2003 წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. არის ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებით.

სრულად წაკითხვა