ყულევის ქარხანა აცხადებს, რომ რუსულ ნავთობს აღარ იყიდის

1 hour ago 4

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გეგმავს, მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან სრულად თქვას უარი რუსული ნავთობის გადამუშავებაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას მისი მფლობელი კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ (Black Sea Petroleum) ავრცელებს.

„მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია დაიწყებს სრულიად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს გზას გაუხსნის „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას მაღალმარჟიანი ბაზრებისკენ.

„ბლექ სი პეტროლიუმი“ აგრძელებს ქარხნის განვითარებას სტრატეგიული გეგმის შესაბამისად და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ყულევის პორტი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის პროექტში იყო შეყვანილი, თუმცა საბოლოოდ ის სანქციებს გადაურჩა.

კერძოდ, თებერვალში Reuters  წერდა, რომ ევროკავშირი რუსული ნავთობის გადამუშავების გამო ყულევის პორტისთვის სანქციების დაწესებას აპირებდა, რითაც ევროკავშირის კომპანიებსა და კერძო პირებს მასთან ოპერაციების განხორციელებას აუკრძალავდა.

მარტში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის მიერ მაკა ბოჭორიშვილისადმი გაგზავნილ წერილი გავრცელდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ყულევის პორტის სანქციების პაკეტიდან ამოღება გადაწყდა. წერილში აღნიშნული იყო, რომ პოზიცია მას შემდეგ გადაიხედა, რაც საქართველოს მთავრობამ და პორტის ოპერატორმა „პოზიტიური ვალდებულებები“ აიღეს.

სრულად წაკითხვა