WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თბილისში უკვე ტრადიციად ქცეული, რიგით 37-ე „შაბათის მარში“ გაიმართა. მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაიკეტა, მარში ყოველ შაბათს ავლაბრის მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართება.

29 აგვისტოს „შაბათის მარში“ ემიგრაციის პრობლემებს მიეძღვნა.

როგორც მარშის ორგანიზატორები აცხადებენ, ემიგრაცია დღეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა.

„2012-2025 წლებში, ქვეყნიდან 1 005 800-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა, ხოლო უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ, თითქმის 300 000 შეადგინა.

ქვეყნიდან მიდიან ახალგაზრდები - საქართველო კარგავს თავის მომავალს, ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის მთავარი ინტელექტუალური და ადამიანური რესურსი უნდა იყვნენ“.

საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2025 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 114 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა. ემიგრაციაში უმთავრესად კვლავ შრომისუნარიანი ასაკის ადამიანები მიდიან. საქსტატის მონაცემებით, ემიგრანტების თითქმის 86% 15-64 წლისაა.

უწყვეტი საპროტესტო აქციები საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მაშინ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯს - გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას - 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან ხსნიდა.

ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების პროტესტი ხელისუფლების მიერ მიღებული არაერთი კანონის მიუხედავად არ წყდება. ეს კანონები ადგილობრივი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ „რეპრესიულად“ შეფასდა და მოქალაქეებს, მათ შორის ტროტუარებზე, პროტესტის გამოხატვას უზღუდავს.

აქციების მონაწილეები პროევროპული დემონსტრაციებისას, სისხლის სამართლის წესით დაკავებული ათობით მოქალაქის გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.