შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს

4 months ago 24

რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა და აშშ-ს გადასცა ქსენია კარელინა, რომელსაც სახელმწიფო ღალატის მუხლით 12-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. კარელინა აშშ-ის და რუსეთის მოქალაქეა.

მისი გათავისუფლება დაადასტურა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. 10 აპრილს რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შედეგს მიაღწია და ამერიკელი ქსენია კარელინა, რომელიც წელიწადზე მეტხანს რუსეთს უკანონო პატიმრობაში ჰყავდა, შინ, შეერთებულ შტატებში მიფრინავს.

ქსენია კარელინა რუსეთში დააკავეს 2024 წლის ზამთარში. მას ბრალად დასდეს უკრაინის არმიის დახმარება. იმავე წლის ზაფხულში სვერდლოვსკის სასამართლომ კარელინა დამნაშავედ ცნო სახელმწიფო ღალატში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქსენია კარელინას ედავებოდნენ უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-ში დაფუძნებული ფონდისთვის 51 დოლარის გადარიცხვას.

კარელინა ვერ მოხვდა იმ პატიმრებს შორის, რომლებიც აშშ-მა და რუსეთმა 2024 წლის აგვისტოში გაცვალეს.

გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ქსენია კარელინას გარდა გათავისუფლებულია რუსეთისა და გერმანიის მოქალაქე არტურ პეტროვი. ის 2023 წელს, აშშ-ის მოთხოვნით კვიპროსზე დააკავეს სანქციებისთვის გვერდის ავლით რუსეთისთვის მიკროელექტრონიკის მიწოდების ბრალდებით.

გამოცემის თანახმად, კარელინას და პეტროვის გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროს დედაქალაქ აბუ-დაბიში მოხდა.

სრულად წაკითხვა