რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე ზელენსკი და ტრამპის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა. „ეს იყო ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს, თუ ერთობლივ შედეგებს მივაღწევთ“, - დაწერა ზელენსკიმ.
მოგვიანებით დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში გააკეთა განცხადება.
- თავიდან ის აკრიტიკებს New-York Times-სა და მის ჟურნალისტს ტრამპის მიერ უკრაინა-ომის საკითხზე კრიტიკის გამო;
- ამბობს, მე „უკრაინას ჯაველინები გადავეცი, ობამამ კი - თეთრეულიო“, რუსეთ-უკრაინის ომს კი „მძინარე ჯო ბაიდენის ომს“ უწოდებს;
- „უბრალოდ ვცდილობ, ობამასა და ბაიდენის მიერ დატოვებული არეულობა გამოვასწორო“, - წერს ტრამპი.
ამის შემდეგ დონალდ ტრამპი წერს: „[რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ] პუტინს არ ჰქონდა მიზეზი, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამოქალაქო პირებისთვის, ქალაქებისა და დაბებისთვის რაკეტები ესროლა“.
„ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა მას არ სურს ომის შეჩერება, ის უბრალოდ ცრუ იმედს მაძლევს და სხვანაირად უნდა მოვექცეთ, „საბანკო“ თუ „მეორადი სანქციების“ მეშვეობით. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება“, - წერს პრეზიდენტი ტრამპი.
მანამდე თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა განაცხადა, რომ ტრამპსა და ზელენსკის „ძალიან პროდუქტიული დისკუსია“ ჰქონდათ.
„იმედი მაქვს, რომ შედეგს მივიღებთ ყველა იმ მიმართულებით, რაც განვიხილეთ - დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე. მივაღწიოთ ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას. დავამყაროთ საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს კიდევ ერთი ომის დაწყებას“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.