შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე 3 პირი დააკავა

2 weeks ago 9

წაკითხვა: 6

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე 3 პირი დააკავა. ოფიციალურ ინფორმაციას შსს ავრცელებს:

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ნ.ჯ. ხოლო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები არიან
1999 წელს დაბადებული ა.კ. და წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული ს.ს.

დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნ.ჯ. რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას, აქციის წევრებთან ერთად, სისტემატურად და უწყვეტად ახორციელებდა ძალადობას სამართალდამცველების მიმართ. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, მათი ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით ისროდა პიროტექნიკას.

ბრალდებულმა ა.კ.-მ, მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.

ბრალდებული ს.ს. მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრების დროს, ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს და თავის არეში დაზიანება მიაყენა.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი.

ასევე, 8 პირია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი.”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა