შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, იოსებ სიგუას, რომელსაც ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, სააპელაციო სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გაუუქმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ გამოაცხადა.
იოსებ სიგუას წინააღმდეგ ქართულ სასამართლოებს ერთთვიანი ვადით ორი შემზღუდველი მექანიზმი ჰქონდათ დაწესებული:
- შემაკავებელი ორდერი;
- ელექტრონული ზედამხედველობა - ე.წ. ელ-სამაჯური.
სოფიო სიგუას ადვოკატი, თამუნა ლუკავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ე.წ. ელ-სამაჯური იოსებ სიგუას წინააღმდეგ საქალაქო და საპელაციო სასამართლომ „მომეტებული რისკის გამო“ დაამტკიცა.
„შემაკავებელი ორდერი საქალაქო სასამართლომ დატოვა ძალაში, იოსებ სიგუამ კი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში გაუქმების მოთხოვნით. საპელაციო სასამართლომ გააუქმა“, - ამბობს თამუნა ლუკავა, „საფარის“ იურისტი.
ის აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის მოქმედების 30-დღიანი ვადა 9 აგვისტოს ამოიწურა - გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ოთხი დღით ადრე.
„ერთი და იგივე სასამართლომ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ ნაწილში თქვა, რომ მაღალი რისკი არსებობდა და ელექტრონული ზედამხედველობა დააწესა მოძალადის მიმართ, მეორე შემთხვევაში კი თქვა, რომ უნდა გაეუქმებინა შემაკავებელი ორდერი... უფრო მაღალი რისკის მექანიზმი დაამტკიცა, მეორე კი მოხსნა“.
სოფიო სიგუა ამბობს, რომ მის ყოფილ ქმარს „მთელი სისტემა იცავს“:
„ხალხზე მოქმედებენ ამით, რომ ჩვენ კი დავუტოვეთ სამაჯური, მაგრამ ახლა [შემაკავებელი ორდერი] გავუუქმეთ“.
სოფო სიგუა ყოფილი ქმრის, იოსებ სიგუას მხრიდან ძალადობაზე ბოლო თვეებია საუბრობს. ქალის მონაყოლის მიხედვით მის ქმარს „მფარველები“ ჰყავს. სიგუა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი ადვოკატია თეონა გვაზავა, რომელიც სოფიო სიგუას ბრალდებებს სრულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას რეალობასთან კავშირი არ აქვთ.
- საქმე მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფია სიგუა-შატბერავამ, ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ განაცხადა, რომ ქმარი წლების განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მისი თქმით, სიგუა მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა, ერთხელ კი იარაღიც შუბლზე მიადო. სოფია სიგუა ასევე ამტკიცებს, რომ მეუღლე მას ორსულობის პერიოდშიც სცემდა.
- ძალადობის შესახებ მომზადებული მასალის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სოსო სიგუა შსს-ში დაააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. იქამდე ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო.
- სიგუამ თანამდებობა დაწინაურებიდან რამდენიმე დღეში დატოვა.
radiotavisupleba ახალი ამბები