"სახალხო ინტერვიუში" საზოგადოების დასმულ შეკითხვებს პასუხობს მწერალი გიორგი კეკელიძე.
გთავაზობთ გადაცემიდან ეპიზოდებს:
" - ცნობილია, რომ მენტალურ პრობლემებს სერიოზულად ებრძოდით, ახლა როგორ გრძნობთ თავს და იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება?
- საქმე ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვცდილობ, უამრავ ადამიანს დავეხმარო და სოციალურ ქსელშიც ჩემი პათოსი უკიდურესად ოპტიმისტურია, გარკვეულწილად დღესაც ვებრძვი ამ პრობლემებს. იმიტომ, რომ ეს ამბები, რაც ზოგჯერ შეიძლება გენეტიკურად, შეიძლება რაღაც სტრესების მერეც იყოს გენერირებული, არასდროს მთავრდება.... ამაში ვგულისხმობ მსუბუქ ან სრულიად შეუმჩნეველ ფაზას, რომელიც მაინც არსებობს, მაინც გახსოვს, რომ შენი მენტალობა გარკვეულწილად მიდრეკილია აკვიატებებისკენ. მთავარი აქ ის არის, რომ კლინიკურად რთული ფაზა ჩავაცხროთ. ეს რთული ფაზა წელიწად-ნახევრის განმავლობაში გავიარე. სრულიად ჯოჯოხეთური ამბავი იყო, შეძლება უარესიც, კაცმა არ იცის, ჯოჯოხეთი როგორია. ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერ ფიზიკურ ტანჯვას ნამდვილად ვამჯობინებდი, მით უმეტეს, რომ გადაჯაჭვულია ყველაფერი ერთმანეთთან.
მენტალური ტანჯვა ცალკე არ არსებობს. ბიოქიმიური არსებები ვართ და ჩვენი სულიერი სამყარო და სხეულებრივი ნაწილი ძალიან მჭიდრო კავშირშია. შესაბამისად, რამდენიმე რამ დამეხმარა. პირველი - სწორი სპეციალისტების პოვნა, მეორე - ნებელობა, ანუ საკუთარ თავში ძალის გამოძებნა, რაც ძალიან რთულია. ისმის თქმა - "თავი ხელში აიყვანე,“ "შემოუძახე“ - ასეთი ფრაზები არ მუშაობს და მხოლოდ მავნებლურ ფრაზებად შეიძლება ჩავთვალოთ. დამეხმარა ასევე აქტიურობა - ჩემნაირი ტიპის ადამიანისთვის, საკუთარი ტვინის გამოკვება სოციალური აქტივობით რაღაც ტიპის საქმიან მოცემულობებში აქტიური თანამონაწილეობით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ასე აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში, ამას ადრეც ვგრძნობდი. შესაბამისად, ამ ჩართულობამ, ტვინისთვის ახალი დავალებების დამახსოვრებამ ნელ-ნელა დომინანტი პოზიციებიდან გააძევა ეს ობსესიური ტანჯვა. გააძევა და ასე თუ ისე დავუბრუნდი ქმედით ცხოვრებას.
- საკუთარი მდგომარეობა, რაც დაძლიეთ ვინმესთვის ან რამესთვის ხომ არ დაგიბრალებიათ?
- ნებისმიერი მდგომარეობა არის რაღაცის, ან ვიღაცის ბრალი. ჩვენ სოციალური არსებები ვართ და ბუნებრივია, ძალიან დამოკიდებულები ვართ ერთმანეთზე. სიტყვა, რომელიც შენ მოგემართება, რაც არ უნდა გამოიგონო, რომ სქელი კანი გაქვს და ახლოს არაფერს იკარებ და ა.შ. გამორიცხულია. სიტყვა არის გაცილებით მჭრელი და გაცილებით მტკივნეული, ვიდრე შეიძლება ტყვია იყოს. ვიცით, რომ ამაზე ბევრი საუბარი ყოფილა, მათ შორის, ქართულ ლიტერატურაში, მაგალითად, სულხან-საბა ორბელიანის "ენით დაკოდილი“ არის ამის ბრწყინვალე ნიმუში. აქედან გამომდინარე რაღაც ყოველთვის არის რაღაცის ბრალი.
ერთადერთი, რაც შევძელი, საკუთარ თავთან დიდი ბრძოლის შედეგად, თუ არ გავაუქმე, სადღაც ღრმა გამოქვაბულში დავმალე, შურისძიების სურვილი და შეგრძნება, რომელიც, რა თქმა უნდა, მეც მქონდა, როგორც ყველა ადამიანს. კი, ეს შევძელი, მაგრამ საჯაროდ არავისთვის არაფერი დამიბრალებია.
- იყო თუ არა პერიოდი, როცა ფიქრობდით, რომ ამ მდგომარეობას თავს ვერ დააღწევდით?
- კი, რა თქმა უნდა, იყო და ასეთი პერიოდი აისახა ცნობილ ამბავში, რომელიც მე შემემთხვა და მაგის მერეც ხდებოდა ეს ყველაფერი. ასე უცებ იმ რთული შემთხვევიდან არ გამოვსულვარ, პირიქით, ჩემი მდგომარეობა დამძიმდა, იმიტომ, რომ მე არასწორად მოვიხმარდი ფსიქოტროპულ წამლებს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია... იმის გამო, რომ თავი დამემშვიდებინა და შესაბამისად, ჩემი მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდებოდა და რა თქმა უნდა, მეც და ირგვლივ მყოფებსაც ეს აღარ სჯეროდათ. არ იყო ისე, რომ სადღაც გულის კუნჭულში ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ არ დაეცე, წამოდგები და ა.შ. ეს ტყუილია. პირიქით, რაღაც პერიოდი იყო, როცა მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა.
ეს პერიოდი გადაბმულად გრძელდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ეტყობა, რაღაც ძალა გამოიძებნა ჩემში, სხვა ადამიანების დახმარებით და ვიპოვე ის წერტილი, სადღაც, საიდანაც წამოდგომა წამოდგომა შესაძლებელი იყო და ამას ყველა იპოვის, მთავარია არ დანებება. ეს მნიშვნელოვანი საქმე გახლავთ" - ნათქვამია ინტერვიუში.