„სარკე“, ლიკა ოსაძე
შოუმენი აჭარიდან, ამიკო ჩოხარაძე, „სარკეს“ ბავშვობიდან დღემდე გამოვლილ გზაზე უამბობს, როცა აჭარელი ბიჭი სცენაზე პირველ ნაბიჯებს დგამდა. 11 წლისამ ოდესაში გამართულ კონკურსზე „სლავიანსკი ბაზარი“ საუკეთესო ვოკალისთვის გრან პრი მოიპოვა. ამის შემდეგ ხშირად იდგა სხვადასხვა გამოწვევის წინაშე, საზღვაო აკადემიაშიც ჩააბარა, რომ მეზღვაური გამოსულიყო, მაგრამ საბოლოოდ სცენა აირჩია. უნანია თუ არა ოდესმე ეს გადაწყვეტილება, ამ და სხვა კითხვებზე შოუმენმა, რომელიც „ნიკოს ბენდის“ წევრიცაა, „სარკეს“ უპასუხა.
_ ამიკო, როდის იგრძენით, რომ სცენა და მაყურებელი თქვენი სივრცე იყო?
_ დაახლოებით 6-7 წლის ვიყავი, როცა პირველი მაყურებელი და მსმენელი მყავდა. მუსიკალურ სასწავლებელში ფორტეპიანოს ჯგუფში დავდიოდი და როცა გამოცდის დროს სცენაზე ვუკრავდი, იქ დამსწრე საზოგადოება ჩემი მსმენელი იყო.
მშობლებმა 7-8 წლის ასაკში შემიყვანეს სტუდია „ლიმპოპოში“, რომელიც ბევრ ნიჭიერ ადამიანს ეხმარება გზის გაკვლევაში. პირველი წარმატება სწორედ ამ სტუდიამ მომიტანა. 11 წლის ვიყავი, უკრაინაში, ქალაქ ოდესაში, კონკურსზე „სლავიანსკი ბაზარი“ რომ წარმადგინეს. 864 ბავშვი მონაწილეობდა და მე მაღიარეს საუკეთესო ვოკალისტად, გრან პრი ავიღე. მას შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩემი შრომით მივიწევ წინ.
_ მოგვიყევით ოჯახის წევრებზე. მათაც აქვთ მუსიკისა და იუმორის ასეთი ნიჭი?
_ იუმორის მხრივ, ჩემი მშობლიური კუთხე უფრო მეხმარება, ხელოვნების მხრივ მონაცემები ოჯახიდან მომდევს. დედა ტანმოვარჯიშე მყავს, საქართველოს ჩემპიონია. მამას ძალიან უყვარს გიტარაზე დაკვრა, კარგად მღერის. დედის მხრიდან ბაბუაც გიტარაზე უკრავდა.
ჩემი ძმა, რომელიც 7 წლით უმცროსია ჩემზე, გაცილებით უკეთ მღერის, ვიდრე მე. ჩემი 17 წლით უმცროსი დაიკო ასევე ძალიან კარგად მღერის და ფორტეპიანოზეც კარგად უკრავს. ასე რომ, მუსიკალური მონაცემები ჩემს ოჯახში ყველას გვაქვს.
_ ოდესმე გქონიათ სინანული თქვენ მიერ არჩეული გზის გამო?
_ წამითაც კი არ მქონია სინანულის შეგრძნება. დღემდე არ მეშინია ჩემი გადადგმული ნაბიჯების, ყველა ჩემი წინ გადადგმული ნაბიჯი სწორი და გამართლებულია. როცა გარკვეულ ნაბიჯს ვდგამ, ყველაფერს ვაანალიზებ, ყველაფერს ვწონი და ვფიქრობ, რას რა მოჰყვება.
დავამთავრე ბათუმის საზღვაო აკადემია, პროფესიით მეზღვაური ვარ. აკადემიაში სწავლის პროცესში პარალელურად „მხიარულთა და საზრიანთა კლუბში“ ვმონაწილეობდი. მერე მოვხვდი აჭარის ნაკრებში, იქიდან საქართველოს ნაკრებში და ასე გავიკვალე გზა. დღესდღეობით ვფიქრობ, რომ ის ნაბიჯი, რომელიც გადავდგი, ძალიან სწორი და მართებული იყო. არ ვიცი, გემზე როგორი კაპიტანი ვიქნებოდი, მაგრამ ხმელეთზე უკეთესი კაპიტანი ვარ.
ჩემი კერპი იყო მაიკლ ჯექსონი, რომელმაც გადამადგმევინა სცენისკენ ნაბიჯი. მისმა შემოქმედებამ გადაწონა ყველანაირი გემი, ოკეანეები და ზღვები.
_ მაყურებელმა აჭარლების პაროდიებით შეგიყვარათ. თქვენებურებმა როგორ მიიღეს თავის დროზე ეს იუმორი?
_ ხელვაჩაურის რაიონიდან, სოფელ კიბედან (აჭარისწყლები) ვარ. აქედან წამოვიდა ჩემი იუმორი და გაამართლა კიდეც. ვფიქრობ, საკმაოდ კარგად და ხარისხიანად შემოვიტანე აჭარული იუმორი სცენაზე. რაც მთავარია, ჩემი კუთხე ძალიან კმაყოფილია.
_ ალბათ ბეწვის ხიდზე გადიოდით, რომ დაცინვაში არ გადასულიყო თქვენი პაროდიები.
_ ვისი პაროდიაც გამიკეთებია, ყველამ იცოდა, რომ ეს იყო პაროდია და არა დაცინვა. ბევრჯერ მოსულან და მადლობა უთქვამთ, ასე კარგად როგორ დაიჭირე ჩემი ჩვევაო.
_ განვლილი ცხოვრების ეტაპებს რომ უყურებთ, თუ გიჩნდებათ რამის შეცვლის სურვილი?
_ ჩემი არც ერთი გადადგმული ნაბიჯის უკან დაბრუნება არ მინდა. ზოგადად, მიმაჩნია, ადამიანი თუ ცხოვრებაში რაღაცას შეცვლის, მაშინ ის არ იქნება, ვინც დღეს არის. თუ წარსულში რაღაცას შევცვლი, მაშინ ამიკო არ ვიქნები. შესაბამისად, არც ერთი ჩემი გადადგმული ნაბიჯის შეცვლა არ მინდა არც ჩემს პირად ცხოვრებაში და არც ჩემს კარიერაში.
_ ფართო საზოგადოებამ „კომედი შოუთი“ გაგიცნოთ. როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს?
_ 2007 წელს გამოვჩნდი პირველად საქართველოს ტელევიზიით და მას შემდეგ ყოველ წელს რაღაც სიახლეები სულ მქონდა. „კომედი შოუს“ პერიოდი კარგად მახსენდება. ამ ადამიანებისგან დიდი გაკვეთილი მივიღე. ეს გახდა საწინდარი იმისა, რომ შემდგომში სხვა წარმატებებისთვის მიმეღწია.
_ შოუს წამყვანობამ როგორ შეცვალა თქვენი დამოკიდებულება სცენისა და მაყურებლის მიმართ?
_ ჩემს მაყურებელთან ყოველთვის დადებითი და კარგი დამოკიდებულება მქონდა და მაქვს. მაყურებლის 80%-თან პირადი შეხება მაქვს. მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრი მეგობარი და ნათესავი მყავს. ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს ვახარებ და ვაბედნიერებ.
_ მომღერლობა თუ შოუმენობა _ დღეს რომლისკენ უფრო იხრებით?
_ ჩემს თავს მომღერლად არ ვთვლი, მე ვარ შოუმენი, რომელსაც შეუძლია, იმღეროს, კოჩშოუს, კეჩშოუს მსახიობი იყოს, გადაცემაში _ გადაცემის წამყვანი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მომღერალი არ ვარ, მაგრამ კარგად ვმღერი. არც იმის ამბიცია მაქვს, ვინმემ თქვს, ვაიმე, ეს რა მაგარი მომღერალიაო. უბრალოდ, ჩემს ჭიას ვახარებ.
_ კიდევ ერთი და თქვენთვის ალბათ მთავარი საქმე მამობაა _ ორი შვილი გყავთ. როგორი მამა ხართ, დემოკრატი თუ კონსერვატორი?
_ დემოკრატი არის თუ კონსერვატორი, ამას ვერც ერთი მამა ვერ იტყვის. სიტუაციას გააჩნია. ზოგჯერ კარგია, რომ დემოკრატი იყო, ზოგჯერ კარგია, კონსერვატორი იყო. ამ ეტაპზე მაქსიმალურად ჩაფლული ვარ ჩემს საქმიანობაში, რადგან ეს არის ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო. ვცდილობ, ბევრი ვიმუშაო, რომ ჩემი შვილები კარგად იყვნენ. დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ასეთი კარგი შვილები მყავს.
საბა 14 წლისაა, ემილი კი _ 13 წლის. ვცდილობ, ქართული ტრადიციები არ დაკარგონ და ეს ჯერჯერობით გამომდის. პირადად მე მორწმუნე და ტრადიციების მოყვარული ადამიანი ვარ.
_ თუ არის ისეთი რამ, რასაც შვილებს უკრძალავთ?
_ უფლის მადლობელი ვარ, რომ ძალიან ნიჭიერი შვილები მყავს. ჩემს გოგონას ძალიან უყვარს გაჯეტები. ვცდილობ, ეს გაჯეტები კი არ მოვაშორო, არამედ გამოვაყენებინო, სწორი მიმართულება მივცე. 1987 წელს დავიბადე და ჩემს ბავშვობაში ინტერნეტსივრცე არ იყო. ჩემი ორივე შვილი კომპიუტერის ხანაში დაიბადა, ამიტომ ვცდილობ, ყველაფერი მათ სასიკეთოდ გამოვაყენებინო. ჩემი ბიჭი ფეხბურთს თამაშობს და საკმაოდ წარმატებულიცაა. გოგონას ხატვის ნიჭი გამოჰყვა და ვცილობ, გაჯეტები ხატვაში გამოიყენოს. 12 წლის გოგონა უკრავს და მღერის. შეუძლია, შექმნას ტექსტი, მუსიკა ჩაწეროს და ასე შემდეგ.
_ როცა თავისუფალი დრო გაქვთ, შვილებთან ერთად ატარებთ? რომელია თქვენი საყვარელი ადგილები?
_ ჩემი შვილები საქართველოში არ არიან, ევროპაში არიან, ამიტომ ვერ ვახერხებ მათთან თბილი და სასიხარულო მომენტების შეგრძნებას, თორემ ყოველდღე ვისეირნებდი მათთან ერთად. წელიწადში ერთი-ორჯერ ვახერხებ მათთან ჩასვლას, რომ მათ გვერდით გავატარო ის პერიოდი, რა დროითაც ჩავდივარ.
_ რამდენიმე წლის შემდეგ სად წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი?
_ ეკრანის მიღმა ვერ წარმომიდგენია. ვთვლი, რომ სცენაზე უნდა ვიყო. ბედნიერი ვიქნები, თუ ცხოვრების ბოლომდე სცენაზე ვიდგები. ყველანაირ ჟანრში ვიქნები _ როგორც იუმორისტი, როგორც მსახიობი და ასე შემდეგ. ნამდვილად არ ვაპირებ, ხელოვნებას ჩამოვშორდე. ეს არის ჩემი საზრდო და ამით ვცოცხლობ.
_ რას ეტყოდა აჭარიდან ჩამოსული ბიჭი დღეს უკვე წარმატებულ ამიკოს?
_ მე ვეტყოდი იმ ამიკოს, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, ყოჩაღ მას! ძალიან მაგარი და ძლიერია და წარმატებებს ვუსურვებ! ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა, წინ ძალიან ბევრი ოცნებაა ასასრულებელი, ბევრ მიზანთან ვართ მისასვლელი, კარგი შედეგი გვაქვს დასადები. წინ წარმატებებით სავსე წლები გველოდება. სანამ ცოცხალი ვარ, სულ მექნება მიზნები.

22 hours ago
9







English (US) ·
Georgian (GE) ·