„ჩემი ხარაგაული“: ხარაგაულის საკრებულომ ფოტოდან ჩვენი ჟურნალისტი გააქრო

1 hour ago 3

07.07.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

გამოცემა „ჩემი ხარაგაული“ წერს, რომ ხარაგაულის საკრებულომ ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოში წაშალა მათი ჟურნალისტი, რომელიც 6 ივლისს გამართულ სხდომას ესწრებოდა. ფოტოები სწორედ ამ სხდომის მიმდინარეობისას გადაიღეს.

მედიამ შესაბამისი ფოტომასალაც გაავრცელა და დაწერა, რომ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც დამუშავებული ფოტო მერის პირველ მოადგილეს გაუგზავნეს, საკრებულოს Facebook-ზე რეალური კადრი დააბრუნეს.

„სხდომას დაწყებიდან რამდენიმე წუთში შემოუერთდა ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, რომელმაც ჯერ გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა, – „მეც მჭირდება სხდომაზე დასაჯდომი ადგილიო“; სკამი რომ შემოუტანეს, ჟურნალისტის მისამართით იხუმრა, – ფოტოებში მაინც გამოჩნდებითო. […] არც მეტი, არც ნაკლები, – ხარაგაულის საკრებულომ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც დამოუკიდებელი გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი, უბრალოდ, არ არის!

არადა, არც ერთი წამით არ ამდგარა საკრებულოს თავმჯდომარისგან სახელდახელოდ გამოყოფილი ამ ადგილიდან. ამას სხდომაზე მყოფი ოცდაათზე მეტი ადამიანიც გაიხსენებს და დაადასტურებს“, – წერს გამოცემა.

მათივე ცნობით, საკრებულოს თავმჯდომარეს ჰკითხეს – რატომ ამოჭრეს დამოუკიდებელი გამოცემის ჟურნალისტი ფოტოდან – თუმცა მანანა ბარბაქაძეს თქვა, რომ ამ ფაქტისა და ფოტოების შესახებ არაფერი იცის.

სრულად წაკითხვა