ჩინეთი, ირანი, რუსეთი მოითხოვენ თეირანისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას

5 hours ago 3

ჩინეთმა, რუსეთმა და ირანმა მოითხოვეს ვაშინგტონის მხრიდან თეირანისთვის დაწესებული, მათი თქმით, "უკანონო, ცალმხრივი" სანქციების მოხსნა - მას შემდეგ, რაც 14 მარტს პეკინში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა ირანის ბირთვულ საკითხებზე.

თუმცა სანქციების წამყვანი ექსპერტი, რომელიც უწინ მონაწილეობდა ირანთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებში, მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების გამართვამდე სანქციების მოხსნა არც სავარაუდოა და არც სასურველი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მა ჩჟაოსიუი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კაზემ ღარიბაბადი.

"ბირთვული საკითხის და სანქციების მოხსნის შესახებ გავცვალეთ სიღრმისეული შეხედულებები. ხაზი გავუსვით ყველა უკანონო ცალმხრივი სანქციის მოხსნის აუცილებლობას", - თქვა მა ჩჟაოსიუიმ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.

"ჩართულმა მხარეებმა უნდა იმუშაონ ამჟამინდელი ვითარების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე და უარი თქვან სანქციებზე, ზეწოლაზე და ძალის გამოყენების მუქარაზე", - დასძინა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებას არ გამართავს მანამ, სანამ ტრამპის "მაქსიმალური ზეწოლის" კამპანია და სანქციები ძალაშია.

"არ მგონია არსებობდეს ალბათობა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანს სანქციებს მხოლოდ მოლაპარაკების გამართვისთვის მოუხსნის. ამას მას არ ვურჩევდი", - ამბობს რიჩარდ ნეფიუ, სანქციების ექსპერტი - აშშ-ის იმ გუნდის წევრი, რომელიც მონაწილეობდა ირანთან 2015 წლის ისტორიული ბირთვული ხელშეკრულების გაფორმებაში.

ბოლო წლებში თეირანსა და მოსკოვს შორის კავშირები გაძლიერდა, ირანის და აშშ-ის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე. ირანსაც და რუსეთსაც ახლო კავშირები აქვთ ჩინეთთან.

აშშ-სთან ირანის დაძაბულობა ხელსაყრელი აღმოჩნდა როგორც ჩინეთისთვის, ისე რუსეთისთვის. ჩინეთი ირანის ნავთობს დაბალ ფასად ყიდულობს, რუსეთი ირანის წარმოებულ დრონებს იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში. მაგრამ თუ აშშ-სთან დაძაბულობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ამას შესაძლოა, მოჰყვეს შედეგები, რომელთა თავიდან აცილება მოსკოვსაც და პეკინსაც სურთ.

"არ მგონია, რომ რუსებს ან ჩინელებს შეთანხმება აინტერესებდეთ. ვფიქრობ, მათ სურთ უფრო დიდი კრიზისი არ დადგეს", - ამბობს ნეფიუ.

2015 წელს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმდა ისტორიული ხელშეკრულება, რომლითაც სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ შეიზღუდა ირანის ბირთვული პროგრამა.

მაგრამ ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, 2018 წელს აშშ ხელშეკრულებიდან გაიყვანა და ირანს სანქციები აღუდგინა, რამაც ირანს უბიძგა ურანის გამდიდრების პროგრამის გაძლიერებისა და თავის ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის წვდომის შეზღუდვისკენ.

სრულად წაკითხვა