„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ბადრი გრიგალაშვილი 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართული აქციის დროს მის დაკავებას იხსენებს.
როგორც გრიგალაშვილი ამბობს, მასზე დაკავებისას საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა იძალადეს ჯერ პოლიციის მიკროავტობუსამდე მიყვანამდე, შემდეგ კი ძალადობა რამდენიმე ნიღბიანის მიერ მიკროავტობუსში გაგრძელდა.
ბადრი გრიგალაშვილის თქმით, მასზე თვალს ადევნება შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“).
ამის შესახებ ბადრი გრიგალაშვილი პოსტს აქვეყნებს, რომელსაც თან ურთავს გამოცემა „პუბლიკის“ ფოტოს, სადაც პოლიციის მიკროავტობუსში ბადრი გრიგალაშვილი და კიდევ 2 დაკავებული ჩანს.
„ჩემს გვერდით 16 წლის ბიჭი ზის, არ ჩანს ამ კადრში. ოთხივე მოლის მხარეს, შემაღლებულ ფერდობზე ვიდექით, არათუ გზას არ ვკეტავდით, ტროტუარზეც არ ვმდგარვართ, ამ დროს სავალ ნაწილზე უკვე მთლიანად ხარებას ხალხი იყო ჩამდგარი. გვემუქრებოდნენ შემაღლებული ტერიტორიიდანაც გავქცეულიყავით, მაგრამ მახსოვს ახალგაზრდა გოგოსკენ დაიძრა რამდენიმე ნიღბიანი და მაგ დროს გავშეშდი, ვერ გავიქეცი ისეთი მუქარები გავიგე ამ გოგოს მისამართით. ამ ფიქრებში – როგორ დავხმარებოდი, რამდენიმე ნიღბიანი მწვდა და გზაზე დამაგდეს, მიკროავტობუსამდე ყველა მხრიდან ცემა–ტყეპის კორდონი გამატარეს, რასაც რამდენიმე მეტრიდან ხარებაც ადევნებდა თვალს და საბოლოოდ ამ მიკროავტობუსში შემაგდეს.
შიგნით დამხვდა ის არასრულწლოვანი ბიჭი და უკან მომყვნენ დანარჩენებიც(ერთმანეთი პირველად იქ გავიცანით, საოცრად გაბედული ხალხია, ბრძოლის ხასიათზე რომ მოგიყვანენ ისეთი). მათ ამოჰყვა 4 ნიღბიანი და კარებიც დაიკეტა. კარის დაკეტვისთანავე დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში ფიზიკურად გვისწორდებოდნენ, მუქარის ძალით წაგვართვეს ტელეფონები, სხვა პირადი ნივთები და მერე ხელზე ე.წ. ხამუთების დადება დაიწყეს. ბიჭების ხელებზე ყველა შეაწყდათ, მე გამიკეთეს და მაჯებზე ისე მომიჭირეს, რომ სანამ საპატრულო ეკიპაჟი მომხსნიდა, ხელის მტევნებში სისხლი თითქმის აღარ მიმოძრავებდა. დანით გამიჭრეს პატრულის თანამშრომლებმა ეს ხამუთები და მაგ დროს ამოვისუნთქე. დაკავებიდან დაახლოებით 15 წუთში.
ფსიქოლოგიურად შემზადებული ვიყავი მსგავსი სცენარისთვის, წარმოდგენილი მქონდა დაახლოებით რა ტკივილის და შეურაცხყოფის ატანა მომიწევდა, მაგრამ ნიღბიანებს შორის ერთ–ერთი ისეთ ზიზღს და აგრესიას აფრქვევდა, ენით არ აღიწერება ეგ ამბავი. როცა ერთ–ერთ დაკავებულს ცემის დროს თან დედას აგინებდა, ამ ბიჭმა სთხოვა დედას ნუ მაგინებ – არ არის ცოცხალი, მაგას მირჩევნია მეტი მირტყაო. ამან გინება მართლა შეწყვიტა და ძალადობასაც მოუმატა. პირდაპირ გაიგო ნათქვამი. ეგეთი ხალხის სპეცრაზმში და სახელმწიფო სამსახურში ყოფნა კი არა, ზოგადად გარეთ ყოფნაა საშიში, იმ მომენტში უფლება რომ მიეცათ ცოცხალს არ დაგტოვებდა არცერთს.
ამის მერე კარი ისევ გაიღო, სხვა ნიღბიანმა ამოძახათ ბევრი კამერაა, მორჩით ჩამოდითო და ესენიც გინებ–გინებით, გულდაწყვეტილები რომ მეტი არ გვირტყეს, ერთიანად ჩალაგდნენ. ამის მერე დაიძრა მიკროავტობუსი, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გადაგვცეს და წამებაც დამთავრდა.
ეს მოხდა ამ მიკროავტობუსში.
16 წლის ბიჭი(სახელი ვერ დავიმახსოვრე) მალევე გაათავისუფლეს. დანარჩენებმა 48 საათი გავატარეთ იზოლატორში და სასამართლოში 2400 ლარიანი ჯარიმები შეგვიფარდეს.
სამართლიანობის ასეთი გაგება დამკვიდრდა წილხვედრში – ჯერ უმიზეზოდ დაგაკავებენ, მერე დაგამცირებენ, გაწამებენ, ოთხკედელში გამოგკეტავენ და ბოლოს ტორტზე მარწყვივით ჯარიმით დაგვირგვინდება თავგადასავალი.
ვფიქრობდი ეს დეტალები დამეწერა თუ არა, ისედაც დაზაფრულია ხალხი, მაგრამ ისეთები მოხდა, ისეთები დაიწერა და ისეთები ვნახეთ, ბარემ ესეც იყოს – იქნებ ერთ ქოცს მაინც წააკითხოთ, როცა გკითხავენ – “რას დაეხეტებიან ქუჩა–ქუჩა ეს ახალგაზრდები”.
ბრძოლა გრძელდება – სანამ ყველა უდანაშაულო პატიმარს არ გამოვიხსნით, არცერთი წამით არ იქნება უკან დახევა. არც ჩემგან და არც ბიჭებისგან, დარწმუნებული ვარ ამაში.
პ.ს. ხარებას რაზმის მიმართ ბრაზს პატრულის თანამშრომლებიც ვერ მალავენ საუბარში. იმათი სადიზმის „გაპრავება“ ამათ უწევთ“, -წერს ბადრი გრიგალაშვილი.
უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს, 2 თებერვალს, დღისით და გვიან ღამით, 31 დემონსტრანტი დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. თუმცა მოგვიანებით, 4 თებერვალს, 8 მათგანს, ბრალის სისხლის სამართლის წესით გადაუკვალიფიცირდათ.
20-ზე მეტი დემონსტრანტი „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დააკავეს. დაკავებების მეორე სერია გვიან ღამით დაიწყო, როდესაც „თბილისი მოლიდან“ მსვლელობით წამოსული მოქალაქეები სანაპიროს გავლით რუსთაველისკენ მიემართებოდნენ.
დაკავებულთა ნაწილი პოლიციელთა მხრიდან ძალადობაზე საუბრობს, მათ შორის, მინიმუმ 7 ადამიანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა, რომელთა უმეტესობას ტვინის შერყევა და სახის ტრავმები აღენიშნება.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 2 და 3 თებერვალს აქციაზე დაკავებული 25 პირი მოინახულეს, რომელთაგან 22 მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. როგორც სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, დაკავებულ პირთაგან 11-ს ხილულად აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, ძირითადად, სახის არეში.