WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ყვარელში კახელი მევენახეების ორდღიანი პროტესტის შემდეგ, მთავრობამ ჩასაბარებელი ყურძნის ფასები დააკორექტირა. ძველი რეგულაციით, იმ ყურძენს რომლის შაქრიანობაც 17 გრადუსს არ აღემატებოდა 30 თეთრად იბარებდნენ. ცვლილების შემდეგ ქვედა ზღვარი 16 გრადუსამდე შემცირდა, ფასი კი 50 თეთრამდე გაიზარდა (შერეულის შემთხვევაში 30 თეთრი შენარჩუნდა).

ძველი რეგულაციით 17-დან 20 გრადუსამდე რქაწითელს 80 თეთრად იბარებდნენ, ცვლილების შემდეგ 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელს 90 თეთრად ჩაიბარებენ. კილოგრამზე ₾1.30-ის მისაღებად კი 20-ის ნაცვლად 19 გრადუსი იქნება საკმარისი.

საფერავის შემთხვევაშიც, თუ ძველი რეგულაციით 17-დან 21 გრადუსამდე ფასი 90 თეთრს შეადგენდა, ახლა ის 1 ლარამდე გაიზარდა, 21-დან 20 გრადუსამდე შემცირდა მოთხოვნა ₾1.5-იან საფერავზეც.

პროფკავშირ „ლაბორის“ ხელმძღვანელ გიორგი დიასამიძეს, რომელიც დღეს ყვარელში მევენახეებთან ერთად იყო და მათ მხარდაჭერას უცხადებდა, გვეუბნება, რომ პროტესტის მონაწილეები დაკორექტირებული ფასებით ამ ეტაპზე დაკმაყოფილდნენ, პროტესტი შეწყვიტეს და დაიწყეს ყურძნის ჩაბარებაც.

„მოკლედ, შედეგი ასეთია, მევენახეები აღმოჩნდნენ ფაქტის წინაშე — ან 30 კაპიკად უნდა ჩაებარებინათ, ან უნდა გადაეყარათ, მაგრამ მათმა პროტესტმა ფაქტობრივად შედეგი გამოიღო და რეალურად მართლაც მოხდა ფასების შეცვლა.

თუმცა, ბუნებრივია, ეს ის თანხა არ არის, რაც მევენახის მიერ გაწეულ შრომას დააბალანსებდა, მაგრამ ამ ეტაპზე დაკმაყოფილდნენ მევენახეები იმ თანხებით, რაც შესთავაზეს. ახლა მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარების პროცესი”, –  განაცხადა გიორგი დიასამიძემ. მისივე თქმით პროფკავშირები ცდილობენ ადგილობრივების დაორგანიზებას იმგვარად, რომ მათ შემდეგში ფასის დამდგენ კომისიაში მოლაპარაკებაში შეძლონ მონაწილეობას მიღება.

სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილის განცხადებით მოსავლიანობა 2026 წელს სავარაუდოდ 320 ათას ტონას გადააჭარბებს რაც რეკორდული იქნება.

„წლევანდელ წელს იქნება უპრეცედენტო რთველი მოსავლის რაოდენობის კუთხით. წინასწარი პროგნოზებით, ყურძნის მოსავალი 320 ათას ტონას გადააჭარბებს, რაც, ალბათ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყურძნის ასეთი დიდი მოსავლის პირველი შემთხვევა იქნება. წლევანდელმა კლიმატურმა პირობებმა გარკვეული გამოწვევები შექმნა – უხვი ნალექის გამო, ვაზს ზოგ შემთხვევაში უჭირს შაქრიანობის შესაბამისი მაჩვენებლის მიღწევა, რის გამოც ყურძნის კრეფას ცოტა უფრო მეტი ხნით უნდა დაველოდოთ. თუმცა, რთველი ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის და ვფიქრობთ, რომ არსებულ გამოწვევებს ღირსეულად გავუმკლავდებით“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ზოგადად, სხვა თანაბარ პირობებში, თავისუფალ ბაზარზე მიწოდების ზრდისას ფასი მცირდება, კლებისას კი მცირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უხვმოსავლიან წელს იქნება ეს ყურძენი, ვაშლი თუ სხვა პროდუქცია იაფდება, მოსავლის ნაკლებობისას კი ძვირდება.

რთველი წმინდა ეკონომიკურ ჩარჩოებს ყოველთვის ცდებოდა. 2008 წლიდან მასზე სუბსიდია მოქმედებს, უფრო მეტიც, სახელმწიფო თავად იბარებს დაზიანებულ ყურძენს. წლების განმავლობაში მევენეხეები სუბსიდიის ზრდას ითხოვდნენ.  უნდა არსებობდეს თუ არა სუბსიდირება, სხვა გადასახადის გადამხდელთა ფულით, ეს ცალკე განხილვის თემაა. ეკონომისტთა ნაწილი სუბსიდირების გადაწყვეტილებას ხშირად აკრიტიკებს, ამ მოსაზრებას გარკვეულწილად სხვადასხვა წლებში მთავრობებიც იზიარებდნენ. გასულ წლებში იყო რთველიდან სახელმწიფო ბიუჯეტის ჩახსნის მცდელობები, თუმცა ამა თუ იმ ფორმით სუბსიდირების პრაქტიკა მაინც გრძელდება.

2026 წლიდან განხილვის საგნად შაქრიანობაც იქცა.

რეალურად შაქრიანობის მაჩვენებელი ჩასაბარებელ ფასს, ჯერ კიდევ 2025 წელს მიება, თუმცა 2025 წელს ყურძენს, რომლის გრადუსიანობაც 18 გრადუსს არ აღემატებოდა 1 ლარად იბარებდნენ. 2026 წელს, ცვლილებამდე, ძველი რეგულაციით 17 გრადუსამდელი ყურძენის ჩასაბარებელი ფასი 30 თეთრს შეადგენდა.

ჩასაბარებელ ფასს კახეთში პროტესტი მოჰყვა. მევენახეები აცხადებდნენ, რომ მოკრეფამდე შაქრიანობა თავად გაზომეს, თუმცა ქარხნის მიერ გაზომილი შედეგი მათსას არ დაემთხვა და სხვაობამ 10 ტონაზე 5-6 ათასი ლარი აჩვენა.

მევენახეებმა დაიწყეს საპროტესტო აქცია და ყვარელი ლაგოდეხის გზაც გადაკეტეს.

22 სექტემბერს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გურჯაანში გამართულ ბრიფინგზე, მოთხოვნების შერბილებისა და ახალი ტარიფების შესახებ განაცხადა.

10 ტონა ჩასაბარებელი ყურძნიდან მისაღები თანხის ცვლილება

წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

იმავე დღეს შპს “მოსავლის მართვის კომპანიის” დირექტორმა შეცვლილი ტარიფებით რთვლის დაფინანსების მიზნით სსიპ “სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს” მიმართა და გამარტივებული შესყიდვის გზით თანხის დამატება ითხოვა. მისი განმარტებით, საჭირო დამატებითი თანხის სავარაუდო მოცულობა 50 მლნ ლარია.