“ცინიკურია, რომ 25 თებერვალს ჩამბარდა თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლების ბრძანება” – ინტერვიუ 

1 month ago 9

ჩვენ დავისაჯეთ იმის გამო,  რომ საქართველოს კონსტიტუციის, მისი უსაფრთხოების განმტკიცების და სუვერენიტეტის გამყარების უალტერნატივო გზის ერთგულები დავრჩით” – ამბობს ნეტგაზეთთან ინტერვიუში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს სხვებთან ერთად.

თეკლა კალანდაძე, თავდაცვის სამინისტროს მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი იყო. ის ნეტგაზეთს უყვება მისი და კიდევ 2 ადამიანის სამსახურიდან  გათავისუფლების შესახებ და ამ ფაქტს უკავშირებს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ ევროინტეგრაციის შეჩერების საკითხზე გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას. 

თეკლა ხაზს უსვამს, რომ ხელმომწერთა ნაწილმა გათავისუფლების ბრძანება 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს ჩაიბარა. ეს დამთხვევა კი მისთვის ერთდროულად ცინიკურიც არის და ძალიან საგანგაშო დატვირთვის და შეტყობინების მატარებელიცაა.

“ვამაყობ თითოეული ჩემი კოლეგით და მადლობას ვუხდი მათ პირნათლად შესრულებული სამუშაოსთვის, გაწეული ღვაწლისთვის და სიმამაცისთვის – ეს არის ის რაც ძალიან მინდოდა რომ მეთქვა.” 

რა იყო სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი? 

გათავისუფლების მიზეზად კადრების ოპტიმიზაცია დაასახელეს, ზოგადად მასობრივად ყველას ასე ეუბნებოდნენ, რეორგანიზაცია და კადრების ოპტიმიზაცია იყო მათი დასახელებული მიზეზი. 

როგორ გაიგეთ გათავისუფლების შესახებ?

HR-მა გადმომცა გათავისუფლების ბრძანება. მანამდე ერთ-ერთი უფროსი მესაუბრა და მან შემატყობინა რომ ჩემი შტატი გაუქმდა.

ყველაზე ცინიკური ის გახლდათ რომ შემომთავაზეს: სამინისტროში შიდა ვაკანსიები ცხადდება და შემეძლო მონაწილეობა კონკურსში. ანუ ადამიანები მიშვებდნენ ჩემი პოზიციიდან, აუქმებდნენ შტატს და გეუბნებიან რომ შენ შეგიძლია შიდა კონკურსში მონაწილეობა მიიღო. ეს ხომ აბსურდია. იმდენად აბსურდის თეატრია რომ აბსოლუტურად აზრი არ ჰქონდა ჩემგან რაიმე კონკრეტულ რეაგირებას ან პასუხის გაცემას. ეს უბრალოდ მათ თამაშში აყოლაა, რასაც არ ვაპირებდი. ურეაქციოდ დავტოვე. მადლობა გადავუხადე და ოთახიდან გამოვედი.

თქვენთან ერთად, თქვენი მეუღლეც გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან?

რევაზ იმნაძე, რომელიც [თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის] j-5-ის დეპარტამენტში კონტრაქტორად მუშაობდა. მას კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს. 

ცხადია, რომ ეს ყველაფერი ხდება შენი პირადი შეხედულების გამო, სამწუხაროდ. რამდენად კვალიფიცირებული მუშაკი ხარ, ან რამდენად ხარისხიანად ასრულებ შენზე დაკისრებულ მოვალეობას, ეს გვერდზე რჩება, მთავარია შენი პოლიტიკური შეხედულება ემთხვეოდეს [პარტიას].

თქვენი და თქვენი მეუღლის გათავისუფლებას პირდაპირ უკავშირებთ განცხადებაზე ხელმოწერას და განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებას? 

ვერ ვხვდები სხვა რა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო, რომ გაეთავისუფლებინათ ადამიანი, რომელიც [რამდენიმე ადამიანზე] დაკისრებულ მოვალეობას თითქმის მარტო უძღვებოდა. მისი გათავისუფლებით მათ რეალურად დიდი პრობლემა შეიქმნეს, უამრავი რამ ეკისრებოდა, და უძღვებოდა ფანტასტიკურად. იყო გამორჩეული მუშაკი და ამას ნებისმიერ მათგანი დაადასტურებს თუ სინდისი ეყოფათ. 

უამრავ საქმეს ასრულებდა, მაშინ როცა შტატში ჰყავთ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ თვალით არასდროს უნახავს. ეს ადამიანები ალბათ დღეს იქ ფურცლებზე მუშაობენ.

თქვენი მეუღლეც უერთდებოდა ევროინტეგრაციის შეჩერების საკითხზე უწყების თანამშრომლების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას? 

ჩემმა მეუღლემ თავი შეიკავა ხელმოწერისგან. ვინც განცხადებაზე ხელმომწერები ვიყავით, გვქონდა გამოკვეთილი პოზიცია, რომ ადამიანები რომლებიც მუშაობენ სამხედრო მხარეს (j-5 დეპარტამენტი თავდაცვის ძალებს მიეკუთვნება), არ გვინდოდა მათი ჩართვა. ჩვენ გვინდოდა ცხადად გამოკვეთილი ყოფილიყო რომ ეს იყო სამოქალაქო, საჯარო მოხელეების პოზიცია თავდაცვის სამინისტროში, და არავითარი კავშირი არ ჰქონოდა სამხედრო მხარესთან… რათა არ ყოფილიყო არასწორი გაგება ან აღქმა საზოგადოებისგან, რომ სამხედროებმა მიიღეს რაიმე გადაწყვეტილება ან გააკეთეს რაიმე განაცხადი. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვინდოდა რომ ეს გაგვეკეთებინა.

თუმცა არის ერთი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ომის მონაწილე, რომელიც ასევე გაათავისუფლეს სამსახურიდან.

სახელს და გვარს არ დავასახელებ, არ მაქვს ამ ადამიანისგან ნებართვა. უბრალოდ გეტყვით რომ ეს არის უწესიერესი და უპატიოსნესი, ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი, რომელიც ამჟამად სამოქალაქო კადრი გახლდათ. მანამდე იყო სამხედრო პირი. 2008 წელს პირისპირ ებრძოდა ჩვენს მტერს, და გამოვლილი აქვს სრული ჯოჯოხეთი.

წარმოდგენაც მიჭირს როგორ შეიძლება ის ადამიანი, რომელმაც 2008 წელს სამშობლოს ემსახურა და უდიდესი  ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, უდიდესი ღვაწლი გასწია,  ადგე და სამსახურიდან გაათავისუფლო.

როგორია სხვა ადამიანების ბედი, ვინც თქვენთან ერთად ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას?

გარკვეულ დეპარტამენტებში ჯერ არ დაწყებულა რეორგანიზაცია, ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით მაგრამ განცხადებაზე ხელმომწერების [სულ 56 ადამიანი] დაახლოებით ნახევარი უკვე გათავისუფლებულია. 


სოციალურ ქსელში მინიმუმ 9 ადამიანზე ვრცელდება ცნობა, რომ თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს. ცხრავე მათგანი აწერდა ხელს ზემოხსენებულ ერთობლივ წერილს. ნეტგაზეთმა სცადა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირება, თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა პასუხის მიღება. 

გასული წლის ნოემბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ცალმხრივად შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, არაერთი უწყების თანამშრომლებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადებები და მხარი დაუჭირეს ევროპულს კურსს. მათ შორის იყვნენ თავდაცვის უწყების თანამშრომლებიც. მოგვიანებით “ქართულმა ოცნებამ” მიიღო არაერთი რეპრესიული კანონი, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მკვეთრად გააუარესა საჯარო უწყებებში მომუშავეთა უფლებები და არაერთი ისეთი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურებიდან, ვინც ხელს აწერდა აღნიშნულ წერილებს.

რა ეწერა თავდაცვის უწყების თანამშრომლების განცხადებაში?

ჩვენი, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების, უმთავრესი მოვალეობა არის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნვა და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მრავალი წელი წარმატებით ემსახურება ქვეყნის ეროვნული ინტერესების აღსრულებას, ერთი მხრივ – თავდაცვის ძალების აღმშენებლობით, ხოლო მეორე მხრივ – საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობით. სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისა და სუვერენიტეტის გამყარების უალტერნატივო გზა, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი, რაც განმტკიცებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ეროვნული და უწყებრივი დონის ყველა კონცეპტუალური დოკუმენტით. ვაცნობიერებთ რა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და დასავლელი პარტნიორების წვლილს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების განვითარების პროცესში, ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა. ვემსახურებით საქართველოს!

სრულად წაკითხვა