შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია გადაეცა სამ გამოჩენილ მეცნიერს:
ჯოელ მოკირს – ნორთვესტერნის და თელ-ავივის უნივერსიტეტების პროფესორს (მას გადაეცა ფულადი ჯილდოს ნახევარი);
ფილიპ აგიონს – ფრანგ ეკონომისტს, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორს;
და პიტერ ჰოვიტს – კანადელ ეკონომისტს, ბრაუნის უნივერსიტეტის პროფესორს.
ნობელის კომიტეტის განმარტებით, მათ ეს პრესტიჟული ჯილდო მიიღეს „ტექნოლოგიური პროგრესის გზით მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობების იდენტიფიკაციისთვის“ (for having identified the prerequisites for sustained growth through technological progress).
„ტექნოლოგიური პროგრესი დღითიდღე ჩქარდება და პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე – ახალი პროდუქტები და წარმოების მეთოდები მუდმივად ცვლის ძველს, ქმნის ინოვაციის უწყვეტ ციკლს და ამით ამოძრავებს ეკონომიკურ ზრდას. სწორედ ამ პროცესზე დგას კაცობრიობის კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება.
თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. ისტორიის დიდ მონაკვეთში ეკონომიკური სტაგნაცია ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო – თუნდაც პერიოდული აღმოჩენების ფონზე, რომლებიც დროებით აუმჯობესებდა ცხოვრების პირობებს, ეკონომიკური ზრდა საბოლოოდ მაინც ჩერდებოდა.
ამ ფენომენის მიზეზების გასარკვევად ეკონომიკის ისტორიკოსმა ჯოელ მოკირმა წარსულის ანალიზს მიმართა და აჩვენა, როგორ გახდა უწყვეტი ეკონომიკური ზრდა „ახალი ნორმა“. მისი თქმით, ინოვაციები მხოლოდ მაშინ იბადება და ვითარდება, როცა საზოგადოება არა მხოლოდ ხედავს, რომ რაღაც მუშაობს, არამედ ესმის, რატომ მუშაობს. ინდუსტრიულ რევოლუციამდე ეს მეცნიერული ახსნა საზოგადოებას ხშირად აკლდა, რის გამოც ახალ აღმოჩენებზე დაყრდნობა რთული იყო. მოკირმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ პროგრესის აუცილებელი პირობაა საზოგადოების ღიაობა ახალი იდეებისა და ცვლილებებისადმი.
ეკონომისტებმა – ფილიპ აგიონმა და პიტერ ჰოვიტმა კი მუდმივი ეკონომიკური ზრდის მექანიზმები სხვა მხრიდან შეისწავლეს. მათ 1992 წელს შექმნეს ცნობილი თეორია, სახელწოდებით „შემოქმედებითი განადგურება“ (creative destruction). ამ მოდელის მიხედვით, როცა ბაზარზე ჩნდება ახალი და უკეთესი პროდუქტი, ძველი ტექნოლოგიის მწარმოებლები კონკურენციას ვერ უძლებენ და იძულებულნი ხდებიან, ბაზრიდან გავიდნენ. ამგვარად, ინოვაცია ერთდროულად არის შემოქმედებითიც და დამანგრეველიც – ის ქმნის ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ, ამავე დროს, ანგრევს ძველ სისტემებს.
ნობელის ლაურეატთა ნაშრომები აჩვენებს, რომ „შემოქმედებითი განადგურება“ ხშირად იწვევს ინტერესთა კონფლიქტს, რომელიც კონსტრუქციულად უნდა იყოს მართული. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავლენიანი კომპანიები და ჯგუფები, რომლებსაც ახალი ტექნოლოგიები საფრთხეს უქმნის, თვითონვე ბლოკავენ პროგრესს და აფერხებენ განვითარებას.
„ლაურეატთა კვლევები გვახსენებს, რომ ეკონომიკური ზრდა თავისთავად არ ხდება – აუცილებელია მუდმივად შევინარჩუნოთ ის მექანიზმები, რომლებიც ინოვაციასა და შემოქმედებით განადგურებას ამოძრავებს, თორემ ისევ სტაგნაციაში დავბრუნდებით,“ – აღნიშნა ჯონ ჰასლერმა, ნობელის ეკონომიკის პრემიის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ნინო ხოშტარია
ნახეთ, ვის მიენიჭა ნობელის პრემია სხვა დარგებში და რატომ: ყველა დარგის ლაურეატები ცნობილია