წუხელ დაკავებული 30-მდე პირიდან მინიმუმ 7-ს დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა

3 hours ago 2

გუშინ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 30-მდე პირიდან, მინიმუმ 7 ადამიანს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია იმის გამო, რომ თავში იყო ნაცემი.

წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაიყვანეს 5 ადამიანი. კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, ანა დალაქიშვილის განმარტებით, მათ აღენიშნებოდათ სახის და თავის ტრავმები, მათ შორის ერთ-ერთს დაზიანება ჰქონდა თვალბუდის არეში, რის გამოც საჭირო გახდა ოფთალმოლოგის კონსულტაცია. საბოლოოდ ჯამში არც ერთ პირს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. 4 პირი აგრძელებს ექიმების მეთვალყურეობს ქვეშ ყოფნას, მათ ტვინის შერყევა აღენიშნებათ, ერთ-ერთმა კი თავისი სურვილით დატოვა კლინიკა და სხვა კლინიკაში გადავიდა.

დაკავებულებიდან 2 შეიყვანეს ვივამედში. კლინიკის დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, ერთს ასევე თავის ტვინის შერყევა აღენიშნება.

“გუშინ, ჩვენს კლინიკაში 2 დაშავებული შემოიყვანეს. ერთი ჰოსპიტალიზებულია, მეორე ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა. თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული ერთი პაციენტი სტაციონარში” – ამბობს ჩხაიძე IPN-თან.

აქციაზე დაკავებულებს შორის ერთ-ერთი არის არასრულწლოვანი ნიკოლოზ გველუკაშვილი. დაკავებულის დედამ, ელზა ხარაშვილმა, ტვ პირველთან განაცხადა რომ

“…გონებაც დაკარგა ცემის დროს, წაქცეულის აყენებაში ხალხს ეხმარებოდა, ამ დროს დაესხნენ თავს, და კადრი რომ არის მარშუტკაში რომ ტენიან ხარებას ხალხი ახალგაზრდებს, მაგ კადრშია ერთ-ერთი, სცემეს დაკავების დროს, რა თქმა უნდა, მაგრად, მუცელში ისეთი წიხლი დაარტყეს რომ ვერ ამოისუნთქა, სავარაუდოდ გონებაც დაკარგა, არ ახსოვს, ეხლა მიმყავს გამოკვლევებზე.”

არასრულწლოვანი ამჟამად ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული, ისიც სხვების მსგავსად სასამართლო პროცესს ელოდება, რომელიც დღეს ან ხვალ დილით გაიმართება.

დაკავებულების ნაწილი მოთავსებული არიან დიღმის, ზაჰესის და დუშეთის იზოლატორებში. ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული, რაც ჯარიმას ან 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.

ლუკა სარიშვილის ადვოკატი: “მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ სურდა, დახმარებოდა მოქალაქეს, რომელიც ძირს ეგდო და რომელსაც ფიზიკურად უსწორდებოდნენ და სცემდნენ. ლუკას დაკავებისას გაუსწორდნენ რამდენიმე ეტაპად: როდესაც აკავებდნენ თავში ურტყამდნენ, შემდეგ წააქციეს ძირს და გაათრიეს, მაშინაც რამდენიმეჯერ ჩაარტყეს. შემდეგ მოძალადე ჯგუფები, მიკროავტობუსში ავიდნენ. ლუკასთან ერთად იქ 3 ადამიანი იმყოფებოდა, როგორც მიყვება, და ამ სამივე ადამიანს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას, იმდენად ცინიკურები იყვნენ იმასაც კი ეკითხებოდნენ, რა ასაკის იყვნენ და იმდენჯერ აგინებდნენ დედის მიმართულებით.” – ლაშა ტყეშელაძე, ადვოკატი.

2 თებერვალს თბილისი მოლთან დაკავებული გედევან კუპრავა, რომელსაც რამდენიმე შავნიღბიანი პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც ის „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში ჰყვება, მას დაკავების შემდეგ 4 პოლიციელი სახეში ურტყამდა და დაზიანებული აქვს ცხვირი.

„დაჭერის მომენტში მირტყეს, მერე ცოტა მიმათრევდნენ და ძალადობდნენ, მერე სხვა ხელებში გადავედი აშკარად და მერე 4 იყვნენ 2-ის მაგივრად და გზაში სანამ მივყავდით, ეს ოთხი უბრალოდ სახეში მუშტებს მირტყამდა. მოწოდება და რაღაც სურვილის გამოთქმაც არ იყო, უბრალოდ გაგინებენ და გირტყამენ. ყველა ნიღბიანი იყო, ვერანაირი ნიშანი ვერ ვნახე ისეთი, რითაც შეიძლება ვიღაცები ამოიცნო.

ჩემი მხრიდან არც გინება ყოფილა, არც რამის სროლა, საერთოდ არაფერი… ვთხოვდი, რომ ცოტა ფრთხილად ყოფილიყვნენ, რადგან ქალები და გოგოები იყვნენ ირგვლივ. ეს იყო ჩემი დაკავების მაპროვოცირებელი, მეტი არაფერი.

თავიდან წამიყვანეს ვარკეთილში განყოფილებაში, დამეწყო თავბრუსხვევები და გულისრევის შეგრძნებები, რაზეც იეჭვეს, რომ ტვინის შერყევა არ ჰქონდესო და გადამიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ დავეტოვებინე“, – აცხადებს გედევან კუპრავა.

უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს, 2 თებერვალს დღისით და გვიან ღამით, „თბილისი მოლის” ტერიტორიასთან შეკრებილი დემონსტრანტებიდან 31 დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

სრულად წაკითხვა