შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 მარტის 11:40 წუთამდე არ აქვს ახალი ინფორმაცია 14 მარტის ღამეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით - უწყებაში არ ამბობენ არც მოკლულის ვინაობას და არც იმას, დააკავეს თუ არა თავდამსხმელი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ერთი ადამიანი და დაჭრა გამვლელი.
მედიის ცნობით, მოკლული 58 წლის ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძეა, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ქუჩაში დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა. ტვ პირველი ავრცელებს კადრებს შემთხვევის ადგილიდან, სადაც ჩანს რომ მკვლელი მათ ჭავჭავაძეზე ელოდებოდა და როცა ერთ-ერთი დაწესებულებიდან გამოვიდნენ, აედევნა, რამდენიმე მეტრი მათთან ერთად გაიარა და შემდეგ დაესხა თავს. შემთხვევა 23:32 წუთზე მოხდა. ტვ პირველისვე ცნობით, მოკლული ლევან ჯანგველაძე "კანონიერი ქურდის" მერაბ ჯანგველაძის (მეტსახელად "სოხუმსკი" ) ძმაა.
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.