ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა, მათ შორისაა ზურა ჯაფარიძე

2 weeks ago 12

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის სიახლოვეს პოლიციამ დააკავა კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, პარტია გირჩი - მეტი თავისუფლებას დამფუძნებელი ზურა გირჩი ჯაფარიძე. ჯაფარიძის გარდა დაკავებულია რამდენიმე მოქალაქე, რომელთა რაოდენობის დაზუსტებასაც რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. ცნობილია რომ ერთ-ერთი დაკავებული ლუკა მიშველაძეა.

თვითმხილველები ჰყვებიან რომ პოლიცია სასტიკად სცემდა, მოფარებულ ადგილებში იტაცებდა მოქალაქეებს და ფიზიკურად უსწორდებოდა მათ, ვისაც აკავებდა.

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პოლიციამ რუსთაველზე დემონსტრანტების დარბევა დაიწყო და მათ ქუჩებში დაედევნა - რამდენიმე ადამიანი, მათ შორის "მაუწყებლის" ჟურნალისტი დააკავეს მეტრო რუსთაველის ვესტიბიულში.

ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკთან მოქალაქეების დაკავებას წინ უძღოდა მოქალაქეების მხრიდან ბარიკადების აღმართვა პოლიციის შესაჩერებლად - დაპირისპირების გამო დაახლოებით ერთი საათის გამო შეფერხებული იყო მოძრაობა ამ ქუჩაზე. გავრცელებულ კადრებში ჩანს ვაკე-საბურთალოს გზაზე პოლიციის ათობით ავტომობილი და იქიდან გადმოსული ნიღბიანი პოლიციელებიც, რომლებიც ავტომობილების ხერგილში მდგარ მოქალაქეებსა და მანქანებს შორის მოძრაობენ ადამიანების დასაჭერად.

გასული ღამის განმავლობაში შსს-ს სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეთა დასაშლელად არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი.

პოლიცია ისევ ფიზიკურად გაუსწორდა არაერთ დემონსტრანტს.

შსს-მ კვლავ განაცხადა, რომ აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს" და „აგრესიული ჯგიფების" მხრიდან ისევ იყო პოლიციელებზე თავდასხმები და მათთვის ქვების, პიროტექნიკის, ცეცხლმოკიდებული ნივთების, შუშის ბოთლებისა და რკინის საგნების სროლა.

შსს-ს თანახმად, 1-2 დეკემბერს დაშავდა 21 თანამშრომელი, ხოლო აქციების დაწყებიდან - 113.

საპროტესტო აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დაკავებულია 200-ზე მეტი.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

სრულად წაკითხვა