ჭიათურაში საპროტესტო აქცია იმართება - შეკრებილებს მიმართა ზურა მახარაძემ კონსერვატიული მოძრაობიდან

5 hours ago 2

ჭიათურაში, სადაც მოქალაქეები 28 თებერვლიდან საწარმოების ნაციონალიზაციას და ჭიათურის მოსახლეობისთვის ფონდის შექმნას ითხოვენ, 15 მარტს ხალხმრავალი საპროტესტო აქცია და მსვლელობა იმართება. მოთხოვნა კვლავ საწარმოებზე სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის აღებაა. აქციის მონაწილეებს მაღაროელებთან, მეშახტეებთან და სხვადასხვა პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად მიმართა ძალადობრივი და ღიად პრორუსული პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურა მახარაძემ. მან სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ აქციაზე არ არის წარმოდგენილი როგორც პოლიტიკოსი - ჭიათურის პროტესტის მონაწილეები აქციების დროს მუდმივად ცდილობენ მათთან არც ერთი ოპოზიციური პარტია არ იყოს აფილირებული.

"პროტესტი არც ერთი პოლიტიკური ძალის კერძო საკუთრება არ არის და არ შეიძლება ის რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ მიიწეროს. ეს პროტესტი არის თქვენი პროტესტი. ეს პროტესტი არის ჩვეულებრივი, მშრომელი ხალხის პროტესტი. ჩვენ უნდა დაგიდგეთ გვერდით, მოგისმინოთ და გითხრათ, რაში შეგვიძლია თქვენი დახმარება. დღეს ბევრი ცდილობს ხალხის შეცდომაში შეყვანას და ამბობს რომ თქვენი მოთხოვნები უსაფუძვლოა. და რატოა ეს ტყული, მაგაზე მინდა ვისაუბრო. ის რაც აქ ხდება, დიდი უსამართლობის შედეგია. თქვენმა მამებმა, ბებიებმა და ბაბუებმა ააშენეს თავისი შრომით ეს ყველაფერი და მაშინ ეს ხალხის საკუთრება იყო და როცა ქვეყანა აირია, ვიღაცეებმა დრო იხელთეს და თავის ჯიბეში წაიღეს ეს ყველაფერი და როცა ახლა თქვენი ლიდერები ამბობენ, რომ მაგისი ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს და სახელმწიფოს დაუბრუნდეს, ეგ არ არის უსამართლობა, ეგაა სამართლიანობის აღდგენა, რაც თქვენი იყო, თქვენ უნდა დაგიბრუნდეთ. მთელი ამ წლების განმავლობაში, რამდენჯერაც პროტესტი გვქონია, ვისწავლეთ მარტო ერთი რამ - ყველას ფეხზე კიდია ხალხის ხმა, სანამ არ შეწუხდებიან" - უთხრა მან ჭიათურის ცენტრში შეკრებილებს.

ჭიათურელი მაღაროელები ხელისუფლების ყურადღების მიქცევას საპროტესტო აქციებით თებერვლის ბოლოდან ცდილობენ. პერიოდულად ისინი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც ითხოვენ, თუმცა ასეთი შეხვედრა ამ დრომდე არ შემდგარა.

28 თებერვლიდან ათობით მაღაროელის მოთხოვნაა სახელმწიფომ მანგანეზის მომპოვებელ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ დასაქმებულებისა და ადგილობრივების უფლებები დაიცვას. 7 მარტს ცნობილი გახდა, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის" გადაწყვეტილება, რომელიც კომპანია "ჯორჯიან მანგანეზთან" არის შეთანხმებული და რომლის მიხედვითაც ეს კომპანია ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში ყველაზე დიდი დამსაქმებელია. სწორედ ამ საწარმოს გამართულ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული მუნიციპალიტეტის ეკონომიკური აქტივობა.

სრულად წაკითხვა