ეს ამბავი ცნობილი ხდება CMC-ის გავრცელებული განცხადებიდან.
22 აპრილს, საღამოს 10 საათისთვის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში CMC წერს, რომ წარმოების განახლების პროცესს უხელმძღვანელებს მიხეილ სოცკი.
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც სამთო მოპოვებითი საქმიანობიდან ამ კომპანიების გასვლას თვეებია ითხოვენ და დემონსტრაციებს მართავენ, აცხადებენ, რომ კომპანია „ულტიმატუმის ენით“ საუბრობს და „რეპრესიებს“ აანონსებს.
ახალი ხელმძღვანელი
რუსეთის მოქალაქე მიხეილ სოცკი, - რომელსაც CMC ახასიათებს „მაღალკვალიფიციურ მენეჯერად“, რომელიც „წლების განმავლობაში ურთულეს სამთო ტექნოლოგიურ პროექტებს მართავდა“, - სამეწარმეო რეესტრის თანახმად, ამ დრომდე არის ტყიბულში სამთომომპოვებელი საწარმო „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი.
„მიხეილ სოცკი მოწვეული იყო სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ექსპერტის სტატუსით. სწორედ მისი აქტიური მონაწილეობით შემუშავდა სტაბილურობასა და ეფექტიანობაზე გათვლილი ჭიათურის მაღაროების გახსნის გეგმა“, - აცხადებს CMC.
სამმხრივი კომისია - ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროსთან არსებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, რომელშიც მონაწილეობენ კომპანია, მთავრობა და პროფკავშირების გაერთიანება (GTUC), რომელსაც პროტესტის მონაწილე მაღაროელთა ნაწილი უნდობლობას უცხადებს.
22 აპრილის განცხადების თანახმადვე, ახალმა ხელმძღვანელმა უკვე გამართა „გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ჭიათურის საწარმოების მენეჯერებთან“.
- 2024 წლის დეკემბერში „საქნახშირის“, - რომელსაც სოცკი ხელმძღვანელობდა, - თანამშრომელთა ნაწილმა განაცხადა, რომ სამსახურიდან პოლიტიკური პოზიციების, კერძოდ კი „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო პოზიციების გამო გაათავისუფლეს.
- კომპანიაში კი ამას უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ „რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის პროცესი სამი თვის წინათ დაიწყო“.
„რეორგანიზაცია“, „ინსპექტირება“ და „აღდგენა“
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ განცხადებით, სლუცკის ჩართულობით შემუშავებული გეგმის მიხედვით, „წარმოების აღდგენა განხორციელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პირობებში“.
ეს, კომპანიის განმარტებით, ნიშნავს, რომ „ცვლილებები შეეხება ყველა რგოლს - როგორც ტექნიკურ პერსონალს, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებს“.
ამავე დროს, CMC აცხადებს, რომ რეორგანიზაციის პარალელურად დაიწყება „დახურული მაღაროების ტექნიკური ინსპექტირება“ და „თითოეული მაღაროს შესწავლის შემდეგ დაიწყება აღდგენა-გადამაგრებითი სამუშაოები“.
„კომპანიის პოზიცია უცვლელია – პიკეტირების პირობებში წარმოების აღდგენა შეუძლებელია“, - აცხადებს კომპანია და „გადაჭრით აცხადებს“: „ჭიათურაში სამთო წარმოება ან გაიხსნება ახალ წესებზე დაფუძნებული მოდელით – ან საერთოდ ვერ აღდგება“.
განცხადებაში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ „პროცესის დაწყება შეუძლებელია მაღაროების ბლოკირების პირობებში“.
CTC-ის თანახმად, ადგილობრივებს მაღაროები უკვე ერთ წელზე მეტია „პარალიზებული“ აქვთ, ხოლო „განსაკუთრებით მძიმედ“ მოიხსენიებს ვითარებას შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებში. კომპანიის განცხადებით, ამ მაღაროებიდან კომპანია „მადნის 70%-ზე მეტს მოიპოვებდა“.
„ამ მოცულობის დანაკარგი პირდაპირ აზიანებს როგორც კომპანიას, ასევე საფრთხეს უქმნის რეგიონს“, - წერია განცხადებაში.
მაღაროელების გამოხმაურება
ჭიათურელი მაღაროელები, - რომლებიც ჭიათურაში ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ, 2025 წლის მარტში თბილისშიც ჩამოვიდნენ და მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან აქციები გამართეს, - CMC-ის განცხადებას ეხმაურებიან.
- ჭიათურაში ამჟამად პროტესტის ორი კერაა - ერთი ჯგუფის პროტესტი უკავშირდება სოფელ შუქრუთს, - შუქრუთელები, რომელთაც სახლები დაენგრათ/ენგრევათ, ომპანიისგან, რომელსაც თავიანთ პრობლემებში ადანაშაულებენ, კომპენსაციას, მთავრობისგან კი - ყურადღებას ითხოვენ;
- პროტესტის მეორე კერა გაჩნდა 2025 წლის თებერვლის ბოლოს, რაც მოჰყვა კომპანიის 2024 წლის შემოდგომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტში მაღაროების მუშაობის გაჩერებაზე. პროტესტმა მარტში დროებით თბილისში გადმოინაცვლა.
- ამ დემონსტრაციების მოთხოვნა არის კომპანიების გასვლა რეგიონიდან და საწარმოებზე სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის აღება - „ნაციონალიზაცია“.
- 2025 წლის 7 მარტს, დემონსტრაციების ფონზე, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ განაცხადა, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით, ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება, რადგან ეს ფინანსურად წამგებიანია. კომპანიას მხოლოდ ღია კარიერული წესით სურს მადნის მოპოვების გაგრძელება.
„ულტიმატურის ენით გვესაუბრებიან. მათი წესებით, რასაც გვეუბნებიან, ის უნდა გავაკეთოთ. სხვა შემთხვევაში დავრჩებით სამსახურის გარეშე... მუშაობა კი დაიწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც გათავისუფლდება თანამშრომელთა ნაწილი“, - ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი 22 აპრილს გვიან ღამით ფეისბუკ-გვერდ „მაღაროელის“ პირდაპირ ეთერში.
„ესენი, - არც „ჯორჯიან მანგანეზი“, არც CMC, - არსად არ მიდიან, ოღონდ ახალი ჯგუფი შემოვა, რეორგანიზაცია ჩატარდება და შეეხება ისევ გაჭირვებულ ადამიანებს... არაფერ პირობებს არ გვთავაზობენ... სჭირდებათ ის ადამიანები, ვინც უსიტყვოდ დაემორჩილებიან“, - ამბობს ის.
„თუ ჩვენს პირობებზე არ წამოხვალთ, არ გვიღირსო. გადაწყვეტილი ჯერ თურმე არაფერი არ ყოფილა, ან აღდგება მუშა პროცესი ისე, იმ პირობებით, რასაც თავად იტყვიან, ან არ აღდგება. თურმე, ახლა ჩვენი ხელით უნდა გაათავისუფლონ შუქრუთის გაფიცვა და მოუგვარდეთ ყველა პრობლემა. გამოდის, ჩვენი ორთვიანი ქუჩაში წვიმაში, მზესა და თოვლში დგომით თავისი საქმეები ვიღაცებმა დაილაგეს“, - ამბობს კიდევ ერთი მაღროელი.