სიკეთის კეთება საკმარისი არ არის, სარგებელი მის სწორედ კეთებას მოაქვს, – ეს იდეა ორგანიზაცია „სმარტფომ“ ჯერ საქმიანობის კონცეფციად, შემდეგ სლოგანად აქცია და მიუსაფარი ცხოველების დახმარების პროგრამაც ამ პრინციპზე ააგო. ინოვაციური მოდელი ქუჩებში სპეციალური ჭკვიანი საკვებურების განთავსებას გულისხმობს და ცხოველთა გამოკვების სისტემურ მიდგომას ითვალისწინებს. საქმიანობის გასავითარებლად „სმარტფო“ დონაციის პლატფორმის tegeta.care-ის პარტნიორი გახდა. „თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც წლებია აქტიურად ზრუნავს და მუშაობს სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე, „სმარტფოს“ მხარდამჭერი და მეგობარია.
საქმე ის არის, რომ არასწორი რაოდენობის ულუფა, არაერთგვაროვანი საჭმელი, გარემოში დატოვებული პლასტმასის თუ ცელოფნის შეფუთვები, ცხოველთა ჯანმრთელობის და ეკოლოგიისთვის ერთნაირად საზიანოა. სწორედ ამ პრაქტიკას ცვლის სრულად პროგრამა „სმარტფო ქეარი – აკეთე სიკეთე სწორად“.

გუგა აბაშიძე, „სმარტფოს“ დამფუძნებელი: „ჩვენი მთავარი მიზანია, კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც ისედაც ეხმარებიან ცხოველებს, სწორი მიმართულება მივცეთ. გვინდა, ეს პროცესი სისტემური გახდეს, ისე რომ არ დავაზიანოთ ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობა და არ დავაბინძუროთ გარემო. „სმარტფო ქეარი“ მხოლოდ გამოკვება არ არის, – ეს არის ზრუნვის სრულიად ახალი კულტურა, რომელიც ტექნოლოგიების მეშვეობით თითოეულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს მარტივად და სწორად აკეთოს სიკეთე. ამ წამოწყების ეფექტიანად განხორციელებას სათავეში ჩვენი დამფუძნებელი პარტნიორი, მარკ დენოვანი უდგას, რომელსაც ამ სფეროში საქმიანობის 20 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს და ანალოგიური ინიციატივები უამრავ ქვეყანაში განუხორციელებია. პროცესი სრულად მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს და გვეხმარება არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე ინოვაციებს“.
საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამის ფარგლებში თბილისში უკვე განთავსდა ექვსი ჭკვიანი საკვებური, რომელიც ორი პრინციპით მუშაობს: QR კოდით, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ცხოველისთვის საკმარისი ერთი სრული ულუფა 2 ლარად შეიძინოს. დასკანერების შემდეგ მოწყობილობიდან საკვები სპეციალურ ჯამში თავსდება. გათვალისწინებულია კორპორაციული შეთავაზებაც. საჭირო ინფრასტრუქტურა კომპანიების ტერიტორიაზე ეწყობა და ბიზნესი უკვე თავად აფინანსებს მიკედლებული ცხოველის გამოკვებას.

გეგმაშია ქსელის გაფართოებაც. შემოდგომისთვის დედაქალაქში 50, ხოლო სხვა დიდ ქალაქებში ჯამურად 150 საკვებური დაიდგმება. მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში საკვებურების წარმოება ადგილობრივად დაიწყება. ოქტომბრის ბოლოს, ჩაეშვება მობილური აპლიკაცია, სადაც მოეწყობა სხვადასხვა აქტივობები მიუსაფარი ცხოველების დახმარებისთვის და მაქსიმალური რაოდენობა კეთილი ადამიანების და კომპანიების ჩართვისთვის. ცხოველებთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებში ეს სრულიად ახალი სიტყვა იქნება საქართველოში. პირველ ეტაპზე 10 ერთეული დამზადდება. გამოკვების გარდა დანადგარი გააკონტროლებს ცხოველთა კვების რაოდენობას, ტემპერატურას და ადრეული ეტაპიდან დაავადების გამოვლენას შეუწყობს ხელს. საბოლოო მიზანი სმარტქეარ პუნქტების ფართო ქსელის შექმნაა, რომლებიც სხვადასხვა უბანს, ეზოებსა თუ კომპანიებს მოემსახურება.
საქმიანობის გასავითარებლად „სმარტფო“ დონაციის პლატფორმის tegeta.care-ის პარტნიორი გახდა. ჰოლდინგი, რომელიც წლებია აქტიურად ზრუნავს და მუშაობს სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე, „სმარტფოს“ მხარდამჭერი და მეგობარია.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების კოორდინატორი: „უკვე წლებია „თეგეტა“ საზოგადოების მხარდამჭერ არაერთ ინიციატივას ახორციელებს. ეს ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმ პროექტებისა და პროგრამების გვერდით დგომა, რომლებიც მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობაზე ზრუნავენ. „სმარტფო“ ის ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომელსაც თავისი ინიციტიავებითა და წამოწყებით ქუჩაში მცხოვრები ცხოველების მოვლის კულტურა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. ჩვენი მიზანი, ამ თანამედროვე მიდგომის გაძლიერებაა. გვინდა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს ეს პროგრამა, იმისათვის რომ ერთად ვისწავლოთ, – როგორ ვაკეთოთ სიკეთე სწორად“.
„სმარტფოს“ მხარდაჭერა უკვე ნებისმიერ მსურველს tegeta.care-ზე შეუძლია. ორივე კომპანიაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ერთიანი ჩართულობით არის შესაძლებელი აკეთო სიკეთე და აკეთო სწორად.
—-
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ–ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
netgazeti