12 ოქტომბერს დილით რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს შეტევა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დანგრეული და დაზიანებულია სახლები. დაშავებულია ათზე მეტი ადამიანი.
ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსეთმა დრონებით სულ მცირე ხუთჯერ დაარტყა ქალაქის კიევის რაიონს. დანგრეულია მრავალბინიანი სახლის ნაწილი მეშვიდედან მეცხრე სართულის ჩათვლით. დაშავდა სულ მცირე 12 ადაიანი. მერის ინფორმაციით, ხარკოვის ამ რაიონში დარტყმა იყო კიდევ ერთ სახლზე.
წინა დღეს, 11 ოქტომბერს ქალაქ ხარკოვსა და ხარკოვის ოლქზე შეტევა იყო რაკეტებითაც. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის მოზარდი. 40-ზე მეტი დაშავდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულთან საუბრის შემდეგ, 11 ოქტომბერს ღამით სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გევრდზე დაწერა, რომ გერმანელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის დარტყმაზე ხარკოვის თბოელექტროცენტრალზე.
სიბიჰამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კიევი მზად არის „სრული ენერგეტიკული ზავისთვის“, თუ რუსეთი შეწყვეტს შეტევებს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე.
„ენერგეტიკული ზავი“
11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ამოქმედდა „ენერგეტიკული ზავი“, რომელზეც „ორივე მხარე შეთანხმდა“. დეტალები ტრამპს არ დაუსახელებია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა Axios-ს უთხრა, რომ მისთვის დონალდ ტრამპის განცხადება სიახლეა: „თუ პრეზიდენტი ტრამპი ამაზე პუტინს მოელაპარაკა, გთხოვთ გვითხრათ, როდის დაიწყება ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ მზად ვართ და მივიღებთ მას“.
11 ოქტომბერს რუსეთს „ენერგეტიკულ ზავზე“ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
Axios-მა თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით 11 ოქტომბერს დაწერა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული „ენერგეტიკული ზავი“ ეხება პოტენციურ შეთანხმებას, ითვალისწინებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტას და თუ ეს მოხდება, შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა, იყოს ელექტროსადგურებზე შეტევების შეწყვეტა. გამოცემის წყაროს თანახმად, რუსეთი ამ წინადადებაზე ფიქრობს.
radiotavisupleba ახალი ამბები