დაკავებული ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი „ტვ პირველისთვის“ გაგზავნილ წერილში კიდევ ერთხელ იხსენებს ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ დაპირისპირებას, რომელშიც „იმედის“ თანამშრომლები ფიგურირებენ.
ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მოსთხოვეს „იმედის“ ცუდად მოხსენიების გამო ბოდიშის მოხდა, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელით შეეხნენ.
„სწორედ ჩემი დაშინების მიზნით მომიგზავნეს დაქირავებული TV იმედის თანამშრომლები.
შვიდმა კაცმა მორალი მიკითხა, რომ თურმე უკრაინის მხარდამჭერი პოსტების განთავსება ჩემს Facebook-გვერდზე სამარცხვინო საქმე ყოფილა. TV იმედის აუგად მოხსენიებისთვის კი ბოდიში უნდა მომეხადა მათთვის. ხელი შემახეს და მაგინეს, მაგრამ, როგორც კი ბოდიში არ მიიღეს, პოლიციაში მიჩივლეს.
ერთმა კაცმა, თამაზ ელიზბარაშვილმა, TV იმედის შვიდი „ვაჟკაცი“ თანამშრომელი ისე შეაშინა, რომ, როგორც თავად ამბობს, დღემდე უნებლიე შარდვა აქვს. სასაცილოა, ხომ? რისი შეეშინდა, იცით? გულზე ხელი რომ დავიდე, იმის. დაქირავებული რუსული TV იმედის 7 ბრგე „ვაჟკაცი“ კურდღლებივით ერთმანეთს ზედ ახტებოდნენ და ისე გარბოდნენ“, – წერია „ტვ პირველის“ გამოქვეყნებულ წერილში.
4 სექტემბერს თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება ელიზბარაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, კერძოდ კი ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება. თავად ელიზბარაშვილი ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს.
საქმეზე დაზარალებულად რამდენიმე კაცია ცნობილი, მათ შორის შაკო კუჭაშვილი, ასევე „იმედის“ თანამშრომლები – ჯაბა ხუბუა, ნიკა კლდიაშვილი. „რადიო თავისუფლების“ ცნობით დაზარალებულადაა ცნობილი სანდრო გამსახურდიაც, ისიც „იმედში“ მუშაობს.
8 სექტემბერს ელიზბარაშვილმა განაცხადა, რომ ციხეში შიმშილობას იწყებს. მან ისაუბრა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზეც.
იხილეთ ასევე:
netgazeti