რევაზ კიკნაძის ადვოკატი, ელგუჯა ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ დაკავებულის სასარგებლო ჩვენებების სასამართლოში ჩაბარებაში ხელი შეუშალეს.
უფრო კონკრეტულად, ის ამბობს, რომ დღეს, 27 თებერვალს, იყო მტკიცებულებათა გაცვლის ბოლო ვადა. დაცვის მხარის მოპოვებული მტკიცებულებები – კიკნაძის სასარგებლო ჩვენებები მას სასამართლოში უნდა ჩაებარებინა. თუმცა, გზად საპატრულო პოლიციის სამმა ეკიპაჟმა გააჩერა და არ მისცეს გზის გაგრძელების საშუალება 18:00 საათამდე – სამუშაო დროის ამოწურვამდე. ამის შემდეგ, სასამართლოს კანცელარიამ მასალები აღარ ჩაიბარა.
“წავედი მასალების გასაცვლელად, ბოლო ვადა იყო. უკვე მისული ვიყავი, თითქმის სასამართლომდე. მჭირდებოდა დაახლოებით 10 წუთი, რომ მივსულიყავი, როცა პოლიციამ გამაჩერა. სამი ეკიპაჟით დამიკეტეს მანქანა, უკვე ფეხით ვცდილობდი, რომ წავსულიყავი. მოდით აქ თქვენ, მობრძანადითო. სანამ 6 საათი არ გახდა, არ გაგვიშვეს. 6 საათი როგორც კი გახდა, მერე გაგვიშვეს. ეს სიტუაცია ავუხსენით სასამართლოში, ვინც კანცელარიის მაღალ იერარქიაზე არის, მაგრამ მასალები არ ჩაიბარეს.
თუ რამე დავაშავეთ, თუ რამე დავარღვიეთ, ელემენტარული ან ჯარიმა უნდა დაეწერათ, ან უნდა დავეკავებინეთ, ზედაპირული შემოწმება ხომ მაინც უნდა ჩაებარებინათ, რომ ეჭვი გვაქვს თქვენზე და გაჩერებთ. არაფერი. გაგვიშვეს ჩვეულებრივად, როგორც კი 6 საათი გახდა. ახლა, უბრალაოდ, სხვა მექანიზმებზე ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთოთ”, – უთხრა ნეტგაზეთს ავსაჯანიშვილმა.