ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში „პარკ დე პრენსზე“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ორი შეხვედრის საერთო ანგარიშით 3:1 უეფას პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გავიდა. ფინალურ დაპირისპირებაში პარიზული კლუბის მეტოქე მილანის „ინტერი“ იქნება, რომელმაც 6 მაისს საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ სძლია 4:3 (ორი მატჩის ანგარიშით – 7:6).
მატჩის მთავარი მსაჯი იყო ფელიქს ცვაიერი გერანიიდან. „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონში გამართული შეხვედრა 1:0 მოიგეს და, შესაბამისად, „არსენალთან“ შედარებით უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა „არსენალმა“ მატჩი აქტიურად დაიწყო და სახიფათო მომენტებიც შექმნა პსჟ-ს იტალიელი მეკარის – ჯიჯი დონარუმას კართან, მაგრამ პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ შეძლეს.
ფრანგების მხრიდან პირველი სახიფათო მომენტი ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა, რომელიც მცველებს გვერდი აუარა და კარში ძალიან სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა და ლონდონელები გადარჩნენ. პირველი გოლი მაინც პარიზელებმა გაიტანეს 27-ე წუთზე – ფაბიან რუისმა შესანიშნავი გოლით თავისი გუნდი დააწინაურა.
ზუსტად ორ წუთში კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავის უმაღლესი კლასი და სწრაფი კონტრშეტევისას ბრედლი ბარკოლა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ამ უკანასკნელმა მომენტით ვერ ისარგებლა.
პსჟ-ს 69 წუთზეც შეეძლო ანგარიშის გაზრდა, როდესაც მსაჯმა ვიდეორეფერის შემდეგ დავიდ რაიას კარში პენალტი დანიშნა (ბურთი საჯარიმოში გაშლილ ხელში მოხვდა „არსენალის“ ნახევარმცველ მაილზ ლუის-სკელის, თუმცა მთავარმა მსაჯმა ვერ შეამჩნია და თამაში გაგრძელდა, შემდეგ კი ეპიზოდის გადახედვა მოითხოვა), თუმცა პსჟ-ის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ვიტინიამ უხეიროდ დაარტყა და „არსენალის“ ესპანელ მეკარეს ბურთის მოგერიება დიდად არ გასჭირვებია. მალევე, 72-ე წუთზე ფრანგებმა მაინც გაიტანეს – კვარაცხელიას წამოწყებული შეტევა აშრაფ ჰაკიმიმ გოლით დააგვირგვინა.
77-ე წუთზე „არსენალმა“ შეძლო სხვაობის შემცირება – ბიკაიო საკამ აიღო მეტოქის კარი, რომელიც სტუმართა შორის გამოირჩეოდა და სახიფათო მომენტებიც შექმნა.
შეხვედრის ბოლოს წუთებზე „არსენალი“ თავდასხმაში გააქტიურებას შეეცადა, კარგი შეტევებიც განახორციელა, თუმცა მეტი გოლის გატანა ვეღარ შეძლო.
„პსჟ-სა“ და „ინტერს“ შორის ფინალური შეხვედრა მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ 31 მაისს გაიმართება.
ცნობისათვის: ხვიჩა კვარაცხელია მეორე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძის შემდეგ, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.
რაც შეეხება შეფასებებს: ხვიჩა კვარაცხელიამ და ჯანლუიჯი დონარუმამ „გარდიანისგან“ პსჟ-ში ყველაზე მაღალი შეფასება – 9-9 ქულა დაიმსახურეს.
„სიხარულის მომგვრელია მისი საკუთარი თვალით ყურება. ყოველთვის სახიფათო იყო და გოლის გატანა დაიმსახურა თავისი ძალისხმევით, თუმცა მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. 9 [ქულა]“, – წერს „გარდიანი“ კვარაზე. გოლის ავტორებმა – აშრაფ ჰაკიმმა და ფაბიან რუისმა 8-8 ქულა დაიმსახურეს. 8 ქულა მიიღო დეზირე დუემ და ვიტინიამაც (გაფუჭებული პენალტის მიუხედავად).
8 ქულა დაიმსახურა 70-ე წუთზე ბარკოლას ნაცვლად შემოსულმა დემბელემაც, რომელმაც მოედანზე გამოჩენიდან 2 წუთში საგოლე გადაცემა გაუკეთა ჰაკიმის კვარაცხელიას წამოწყებული შესანიშნავი შეტევის „ფინალურ“ ნაწილში.
ნუცა ყაველაშვილი