ეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შექმნეს პუტინის ხელისუფლებასთან დაპირისპირებულმა პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა. ყველა მათგანი რუსეთის ხელისუფლებას „უცხოეთის აგენტად” ჰყავს გამოცხადებული. კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვა. მათზე ძებნაა გამოცხადებული.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ დღეს, 14 ოქტომბერს, გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „ხელისუფლების ძალით მიტაცების ან ძალით შენარჩუნების” და „ტერორისტული თანამეგობრობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის” მუხლებით. პირველი მათგანი 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მეორე კი - სამუდამო პატიმრობას „ტერორისტული თანამეგობრობის ორგანიზებისთვის” და 15 წლამდე - მასში მონაწილეობისთვის.
მიხაილ ხოდორკოვსკისთან ერთად სისხლის სამართლის საქმე აღძრულია კიდევ 22 პირის წინააღმდეგ. მათ შორის არიან რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიხაილ კასიანოვი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვლადიმირ კარა-მურზა, დმიტრი გუდკოვი და იური პივოვაროვი, საზოგადო მოღვაწე ლეონიდ გოზმანი, გალერისტი მარატ გელმანი, ეკონომისტი სერგეი გურიევი, პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი, ბიზნესმენები ბორის ზიმინი და ევგენი ჩიჩვარკინი, მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი, მოჭადრაკე და საზოგადო მოღვაწე გარი კასპაროვი, ჟურნალისტი ევგენი კისილიოვი და მსახიობი არტურ სმოლიანინოვი.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძვლად მიიჩნევს „რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის” მიერ 2023 წლის აპრილში ბერლინში მიღებულ საწესდებო დოკუმენტს, რომელიც რუსეთში ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობას ეხება და ამ მოძრაობის მონაწილეობით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 2025 წლის ოქტომბერში შექმნილ, რუსეთის დემოკრატიულ ძალებთან დიალოგის პლატფორმას.
რუსეთის უშიშროების სამსახურის თანახმად, მიხაილ ხოდორკოვსკი და „რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის“ სხვა დამფუძნებლები აფინანსებენ „რუსეთში ტერორისტულად აღიარებულ უკრაინის გასამხედროებულ ნაციონალისტურ ქვედანაყოფებს“ და ამ ფორმირებებისთვის „ეწევიან რეკრუტირებას“, რათა „შემდგომში რეალიზებული იყოს ძალისმიერი გზით რუსეთში ხელისუფლების ხელში ჩაგდების ჩანაფიქრი“.
- უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის 27 თებერვალს დაფუძნებული „რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის” მანიფესტის თანახმად, საზოგადოებრივი მოძრაობის მიზანია ომის შეჩერება და წინააღმდეგობის გაწევა პუტინის დიქტატორული რეჟიმისთვის.
- 2024 წლის იანვარში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ „ანტისაომარ კომიტეტს” მიანიჭა „არასასურველი ორგანიზაციის” სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ რუსეთში მისი საქმიანობა აკრძალულია.
- 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გადაწყვიტა შექმნას რუსეთის დემოკრატიულ ძალებთან დიალოგის პლატფორმა, რომლის მიზანი იქნება აზრთა ურთიერთგაცვლა და ორმხრივ ინტერესებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.