პატიმრობაში მყოფი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი მარიკა არევაძე ავრცელებს, რომელმაც ის პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.
მისი მნახველის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმრის ტკივილების შესახებ სრულად ინფორმირებულია, მას შესაბამისი სამედიცინო მომსახურება არ მიეწოდება.
როგორც ელენეს თანაკოალიციელი, ადვოკატი მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში წერს, პატიმრის მდგომარეობა მოლოდინზე მძიმე აღმოჩნდა. მისი განცხადებით, ციხეში ჩატარებული პირველადი კვლევების საფუძველზე, პასუხისმგებელი პირებისთვის ცნობილია ტკივილის ხარისხი, თუმცა ამ დრომდე არაფერი კეთდება საჭირო კვლევებისა და ადეკვატური მკურნალობის უზრუნველსაყოფად.
მძიმე ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, ვიზიტორის თქმით, ელენე მხნეობასა და საბრძოლო განწყობას ინარჩუნებს. პატიმარმა საზოგადოებასა და გულშემატკივრებს ციხიდან სპეციალური გზავნილით მიმართა და განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების გასაჯაროება.
„ყველა ჩემს გულშემატკივარს მინდა ვუთხრა, რომ მიზეზი, რატომაც მე გავასაჯაროვე ეს საკითხი, არის არა ის, რომ მე ვეღარ ვუძლებ ტკივილს ან რამეს. ჩემი გამძლეობა უსაზღვროა, გარწმუნებთ!
მიზეზი არის ის, რომ დეკემბრიდან ივნისის ჩათვლით გონივრულ ვადაზე მეტია გასული და დავრწმუნდი, რომ „ოცნების“ სისტემის კიდევ ერთი დანაშაული პატიმრების ჯანმრთელობით მანიპულირებაა. დავრწმუნდი საკუთარ მაგალითზე. ასევე, მოვაგროვე ყველა არგუმენტი ამისთვის და გადავწყვიტე სისტემას ამ საკითხშიც დავუპირისპირდე. რა თქმა უნდა, მხოლოდ სამართლიანად და მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც დააშავებენ,“ — ნათქვამია ელენეს მიმართვაში.
მისივე თქმით, ის რაციონალურად აგრძელებს ბრძოლას, პასუხისმგებელ პირებს სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის საშუალებას არ მისცემს და მხარდამჭერებს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.
„ჩემს გამძლეობაზე არ ინერვიულოთ, აბსოლუტურად რაციონალურად და მშვიდად ვაგრძელებ აქ ყოფნას და ბრძოლას. ამათ დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ უარი მეთქვა მკურნალობაზე. ვერ ეღირსებიან. პასუხს აგებენ ყველა დანაშაულზე. წარმოუდგენელ ძალას მაძლევს ის სოლიდარობა, რასაც ეს დღეები ვუყურებ,“ — აღნიშნავს პატიმარი.
პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის — „რუსული ოცნება“ — გაკეთების გამო (სოლიდარობის ნიშნად 23 წლის სტუდენტ მეგი დიასამიძისადმი). სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, თუმცა პოლიტიკოსმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა გადახდაზე და საპატიმროში დარჩა. საბოლოოდ მას წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიესაჯა. 2026 წლის მარტში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ და „დროას“ აღმასრულებელმა მდივანმა გიგა ლემონჯავამ განაცხადეს, რომ საპატიმროში პოლიტიკოსის ჯანმრთელობა ბოლო 4 თვის განმავლობაში საგრძნობლად გაუარესდა. მათი თქმით, მას აწუხებს სახსრების ძლიერი ტკივილი, უჭირს გადაადგილება (სჭირდება ხელჯოხი) და ზოგჯერ წერაც კი. დაცვის მხარე თურქი ექიმების რეკომენდაციებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სათანადო მკურნალობის გარეშე ხოშტარიას ჯანმრთელობას შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ხოშტარიას დიაგნოზების აბსოლუტური უმეტესობა ქრონიკულია და ციხეში შესვლამდე ჰქონდა დადგენილი. უწყების განმარტებით, პატიმარს უტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა და სპეციალისტების კონსულტაციები, მისი მდგომარეობა არ გაუარესებულა, თავად მსჯავრდებული კი სამედიცინო პერსონალთან უკმაყოფილებას არ გამოხატავს.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·