WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტ „ტრიკაფტას“ (Trikafta) შეისყიდის.

ეს არის მეოთხე თაობის გენმოდულატორი (Trikafta), რომლითაც 2019 წელს დარეგისტრირდა და რომლითაც ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში მკურნალობენ იშვიათი გენეტიკური დაავადებით დაავადებულ ადამიანებს, უმეტესად ბავშვებს.

პაციენტთა ოჯახები ამას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ.

„კონტრაქტი დადებულია“

2026 წლის 11 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის.

სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, ხელშეკრულება პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანია „ვერტექს ფარმასიუტიკალსთან“ უკვე გაფორმებულია.

მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ დანერგვისთვის საჭირო პროცედურებზე მუშაობა გრძელდება და „ტრიკაფტას“ პაციენტებისთვის მიწოდების პროცესი სექტემბერში დაიწყება.

„დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისთვის, ბევრი ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი“, - განაცხადა მან.

  • სამინისტროს ცნობით, მედიკამენტი ავტორიზებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ 2 წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება დამტკიცებულ ჩვენებებს.
  • სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ „ტრიკაფტა“ 2025 წლის სექტემბერში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელ მედიკამენტების ნუსხაში (WHO Essential Medicines List) შევიდა.

რადიო თავისუფლება 2025 წლის ივლისში წერდა, რომ საქართველოში სულ 45 ადამიანია, უმეტესად ბავშვი, ვისთვისაც ეს წამალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

წლების განმავლობაში ცისტური ფიბროზით დაავადებული ბავშვების ოჯახები ჯანდაცვის სამინისტროს ამ მედიკამენტის საქართველოში შემოტანას უშედეგოდ სთხოვდნენ.

შეთანხმების დეტალები, როგორც წესი, არ საჯაროვდება ხოლმე, თუმცა, ღია წყაროებში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ევროპის ქვეყნებში ამ მედიკამენტების წლიური ღირებულება 80 ათასიდან 250 ათას დოლარამდეა.

  • საქართველოში არსებული „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამა აერთიანებს 33 სხვადასხვა დაავადებას და მათ შორის არის ცისტური ფიბროზიც.
  • ეს პროგრამა 18 წლამდე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი და პაციენტებს აქამდე უფინანსდებოდა მხოლოდ სხვადასხვა ტიპის ანალიზი, ინსტრუმენტული გამოკვლევები, ასევე პრეპარატი „კრეონი“ და „პულმოზინი“ - ნახველის გამათხიერებელი.