“ჯაშუშობა აღიარა” – აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეს 7 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს

13 hours ago 4

აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს შალვა ხიზანიშვილს “ჯაშუშობის” საქმეზე განაჩენი გამოუტანა.

დე ფაქტო სასამართლომ ხიზანიშვილი დამნაშავედ ცნო “აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით (ჯაშუშობა) და 217-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში)”.

განაჩენის თანახმად, შალვა ხიზანიშვილს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

როგორც აფხაზური მედია წერს, გადაწყვეტილების გასაჩივრება საკასაციო წესით 15 სამუშაო დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქე შალვა ხიზანიშვილი 2025 წლის პირველ ოქტომბერს სოფელ შაშიკუარაში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. უწყების განცხადებით, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს სამი თოფი საბრძოლო მასალით, სამხედრო ზურგჩანთა, საქართველოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფულადი სახსრები და საქართველოს ბანკების პლასტიკური ბარათები. ასევე, უწყების თანახმად, ეზოში, ძაღლის ბუნაგში, ნაპოვნი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა.

აფხაზური მხარის ვერსიით, ხიზანიშვილმა დაკითხვისას დაადასტურა საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან კონტაქტი და განაცხადა, რომ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ერთ-ერთი სასაზღვრო საგუშაგოს ვიდეოგადაღებას ახორციელებდა, რისთვისაც ფულად ანაზღაურებას იღებდა.

საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნულ საქმეზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.

“ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დავაკავეთ” – აფხაზეთის СГБ

სრულად წაკითხვა