ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, ფონდი „ქართუ“ ნაკრებს 30 მლნ ლარს ჰპირდება

1 week ago 8

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარის გადაცემას ჰპირდება, თუ ისინი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან გავლენ.

ამასტან ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი მატჩის მოგების შემთხვევაში ნაკრები დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.

ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას.

სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.

გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფონდი „ქართუს“ განცხადებას წინ უძღოდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ნაწილის მიერ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო პროტესტის ფონზე ევროპული კურსის მხარდაჭერა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს ჯგუფში, რომელშიც ასევე შედიან თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია. ჯგუფიდან 2 გუნდი გადის, თუმცა შანსი მე-3 ადგილოსანსაც ექნება.

სრულად წაკითხვა