ირლანდიელი დიზაინერი ჯონათან ანდერსონი ფრანგული მოდის სახლი Dior-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა. ის როგორც ქალის, ისე მამაკაცის და მაღალი მოდის (ოტ კუტიურის) ხაზებს ჩაუდგება სათავეში.
როგორც გამოცემა The New York Times წერს, ჯონათან ანდერსონი კრისტიან დიორის შემდეგ მეორე დიზაინერი გახდება, რომელიც Dior-ის ყველა მიმართულებას ერთდროულად უხელმძღვანელებს
Dior-ის წარმომადგენლებმა ინფორმაცია ანდერსონის დანიშვნის შესახებ Instagram-ზე, ბრენდის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელეს.
„Dior-ი სიხარულით მიესალმება ჯონათან ანდერსონს მოდის სახლის ქალის, მამაკაცის და მაღალი მოდის კოლექციების კრეატიული დირექტორის პოზიციაზე“, — აღნიშნულია Dior-ის განცხადებაში. ანდერსონი თავის პირველ კოლექციას Dior Men Summer 2026 პარიზში, 27 ივნისს წარადგენს.
„ჩემთვის დიდი პატივია, შევუერთდე Dior-ს როგორც ქალის, ასევე, მამაკაცის კოლექციების კრეატიული დირექტორის როლში. ყოველთვის მაოცებდა ამ მოდის სახლის მდიდარი ისტორია, მისი სიღრმე და სენსიტიურობა. მოუთმენლად ველი შანსს, რომ ერთად შევქმნათ ამ დაუჯერებელი ისტორიის შემდეგი თავი“, — დაწერა ჯონათან ანდერსონმა Instagram-ზე.
შეგახსენებთ, რომ მარტში ანდერსონმა Loewe-ს კრეატიული დირექტორის პოზიცია დატოვა, რომელსაც 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ესპანური მოდის სახლი Dior-ის მსგავსად, მოდის კონგლომერატ LVMH-ის შემადგენლობაში შედის.
ჯონათან ანდერსონმა Dior-ის მამაკაცის ხაზის ხელმძღვანელობა აპრილში, მას შემდეგ ჩაიბარა, რაც იანვარში ბრენდი კიმ ჯონსმა დატოვა. მარტში, მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან ქალის კოლექციების კრეატიული დირექტორი მარია გრაცია კიური წავიდა, ანდერსონის უფლებამოსილება გაფართოვდა.