კიდევ 7 მძევალი პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის სამხედრო ფრთამ 13 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის გაათავისუფლა.
ისინი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ქალაქ ღაზიდან წამოიყვანეს და ისრაელის არმიის სამხედროებს გადასცეს. გათავისუფლებულები სპეცრაზმელებმა ღაზის სექტორიდან ჩაიყვანეს ისრაელის რეიმის რაიონში მდებარე სამხედრო ობიექტზე, სადაც პირველადი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
მეორე ეტაპზე ჰამასმა გაათავისუფლა და „წითელ ჯვარს" ქალაქ ხან-იუნისში გადასცა ელკანა ბობოტი, ავინათან ორი, იოზეფ-ჰაიმა ოჰანი, ევიატარ დავიდი, რომ ბრასლავსკი, სეგევ კალფონი, ნიმროდ კოენი, მაქსიმ ჰერკინი, ეიტან ჰორნი, მატან ზანგკაუერი, ბარ კუპერშტეინი, დავიდ კუნიო და არიელ კუნიო. ისინი „წითელი ჯვრის" წარმომადგენლებმა ისრაელის არმიის სამხედროებს გადასცეს.
მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელმა ორი ათასამდე პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს. ჰამასმა ისრაელს უნდა გადასცეს 28 დაღუპული მძევლის ცხედრებიც.
ისრაელმა და ჰამასმა ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებულ სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმებას გასულ კვირაში ეგვიპტეში მიაღწიეს აშშ-ის, ეგვიპტის, კატარის და თურქეთის შუამავლობით.
შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმა ითვალისწინებს ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების ეტაპობრივად გაყვანასაც, ჰამასის განიარაღებას და ღაზის სექტორში გარდამავალი მთავრობის შექმნას საერთაშორისო ხელმძღვანელობით. გეგმა გამორიცხავს ჰამასის მონაწილეობას ღაზის სექტორის მართვაში.
- ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას და ისრაელზე მასირებულ სარაკეტო შეტევას.
- მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ჰამასის ტყვეობაში დარჩა 50-მდე მძევალი. მათგან 20 ცოცხალი.
- ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 67 ათასზე მეტი ადამიანი.