15 თვის განმავლობაში „ჰამასის“ტყვეობაში ყოფნის შემდეგ, სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლეს და ისრაელში დააბრუნეს, ათობით არაბმა პატიმარმა კი ისრაელის ციხეები დატოვა. ისრაელელებსაც და პალესტინელ არაბებსაც საზეიმო განწყობა და შიში ერთდროულად აქვთ.
თითქმის წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, ღაზის და ისრაელის ცა მშვიდობიანია და პალესტინელებმა დაიწყეს დაბრუნება თავის სახლებში და ნასახლარებში. ისინი იქ დარჩენილ ნათესავებს ეძებენ და ხშირ შემთხვევაში თავის მიცვალებულებს მარხავენ. თვეების განმავლობაში შეზღუდვის შემდეგ, გაჩანაგებულ ტერიტორიაზე 600-ზე მეტი სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული დახმარება შეიტანეს.
მაგრამ, ისრაელში სამი მძევლის გათავისუფლების სიხარულთან ერთად, არის წუხილი თითქმის 100 მძევლის ბედზე, რომლებიც ჯერ კიდევ ღაზაში, „ჰამასის“ ტყვეობაში რჩებიან.
შეთანხმების თანახმად, ექვსი კვირის განმავლობაში 33 ისრაელელ მძევალს და თითქმის 2000 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებენ, საბრძოლო მოქმედებები შეჩერდება და ღაზაში საწვავის და სხვა დახმარების მიწოდება გაიზრდება.
ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა მოხდება შეთანხმების პირველი ფაზის 42 დღის შემდეგ. შემდგომი ფაზები მეტი მძევლის და პატიმრის გათავისუფლებას და ომის სრულად დამთავრებას გულისხმობს.
მაგრამ, ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელზეც ბაიდენის მიმავალმა და ტრამპის მომავალმა ადმინისტრაციებმა წნეხი განახორციელეს, რათა ვაშინგტონში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე შეთანხმება გაეფორმებინა, თქვა, რომ შეძლო ტრამპის დაარწმუნება იმაში, რომ საჭიროების შემთხვევაში ისრაელს „ჰამასთან“ ბრძოლის გაგრძელება შეეძლება.