ჰარვარდის უნივერსიტეტმა ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა

4 hours ago 2

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და პრესტიჟულმა სასწავლებელმა, ჰარვარდის უნივერსიტეტმა სასამართლოში უჩივლა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, რომელსაც ბრალს სდებს უკანონო ქმედებებსა და კონტროლის მცდელობაში.

2025 წლის აპრილში შეერთებული შტატების მთავრობამ ჰარვარდის უნივერსიტეტს 2,2 მილიარდი დოლარის დაფინანსება გაუყინა და დამატებით ერთი მილიარდი დოლარის გრანტის გაყინვას განიხილავს. მანამდე მთავრობამ უნივერსიტეტს მოსთხოვა მართვის სფეროში რეფორმების გატარება, სტუდენტების მიღების პოლიტიკის შეცვლა, უნივერსიტეტში მრავალფეროვნებაზე არსებული შეხედულებების შემოწმება და ა.შ. სააგენტო AP-ის ცნობით, მოთხოვნების შემცველი წერილი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტმა მიიღო, ტრამპის ადმინისტრაციაში არსებულმა „ანტისემიტიზმთან ბრძოლის მიზნობრივმა ჯგუფმა“ მოამზადა.

ჰარვარდის უნივერსიტეტმა მთავრობა უპრეცედენტო და უკანონო კონტროლის მცდელობაში დაადანაშაულა და მოთხოვნების შესრულებაზე უარი თქვა. თავის მხრივ, მთავრობამ უნივერსიტეტის საქმიანობის გამოძიება დაიწყო და განიხილავს გადასახადების გადახდისგან თავისუფალი ჰარვარდისთვის ამ სტატუსის შეცვლასაც.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა ალან გარბერმა 21 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ დაფინანსების გაყინვის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართეს, რადგან მთავრობის გადაწყვეტილება უკანონოა და მის უფლებამოსილებას სცდება.

გარბერი აღნიშნავს, რომ მთავრობის მოქმედება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჰარვარდის სტუდენტებს, პედაგოგებს, პერსონალს, სამედიცინო და სხვა სახის კვლევებს, პაციენტებს და მსოფლიოში ამერიკული უმაღლესი განათლების რეპუტაციას.

რაც შეეხება ანტისემიტიზმზე უნივერსიტეტის არასათანადო რეაგირების ბრალდებას, ალან გარბერი აცხადებს, რომ როგორც ებრაელმა და ამერიკელმა კარგად იცის, რომ ანტისემიტიზმის გაძლიერება საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს, მაგრამ სანამ მთავრობა სადამსჯელო ზომების მიღებას გადაწყვეტს, კანონი მოითხოვს, რომ უნივერსიტეტთან ერთად განიხილოს ზომები, რომლებსაც სასწავლებელი მიმართავს.

სრულად წაკითხვა