11
აშშ-ში შუალედური არჩევნები დღეს გაიმართება. ამერიკელები ირჩევენ კონგრესს და შტატების ნაწილში ადგილობრივ ხელისუფლებას.
ეს იქნება პირველი მასშტაბური ეროვნული არჩევნები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყების შემდეგ.
შუალედური არჩევნების შედეგად, დაკომპლექტდება წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილი, სენატის 100 ადგილიდან 35, ხოლო 36 შტატში გუბერნატორებს აირჩევენ.
არჩევნები პრეზიდენტის ოთხწლიანი ვადის შუაში იმართება, შესაბამისად მას შუალედურს უწოდებენ.
ახლა ორივე პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ. თუ დემოკრატები ერთ ან ორივე პალატაში გაიმარჯვებენ, დონალდ ტრამპს საკუთარი პოლიტიკის გატარება გაუჭირდება. კონგრესი ამტკიცებს კანონებსა და ფედერალურ ბიუჯეტს, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას აკონტროლებს, ამიტომ უმრავლესობის შეცვლა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზეც აისახება.
საერთაშორისო მედიის, მათ შორის „როიტერის“ შეფასებით, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის დაბრუნების შანსი აქვთ. სენატში კი ბრძოლა უფრო კონკურენტულია.
წინასაარჩევნო კამპანიაში მთავარი თემები საცხოვრებელი ხარჯების გაძვირება, ეკონომიკა, იმიგრაცია, ტრამპის სავაჭრო პოლიტიკა და ირანთან ომი იყო.
აშშ-ს არჩევნებში ერთიანი ცენტრალური სისტემა არ აქვს. თითოეული შტატი თვითონ წყვეტს კენჭისყრისა და ხმების დათვლის წესებს. მოქალაქეებს ხმის მიცემა საარჩევნო უბანზე, წინასწარი კენჭისყრით ან ფოსტით შეუძლიათ. ფოსტით გამოგზავნილი ბიულეტენების დათვლა და გადამოწმება დიდ დროს მოითხოვს.
საარჩევნო უბნები საქართველოს დროით 4 ნოემბრის დაახლოებით 04:00 საათზე დაიხურება.
საერთაშიროსო alia.ge