განახლება: სასამართლომ პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ჯარიმა დააკისრა

1 month ago 23

თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 სექტემბერს თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე „ნაციოალური მოძრაობიდან“ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის 2500 ლარით დააჯარიმა. 13 სექტემბერს, სასამართლომ ასევე დააჯარიმა ირაკლი ეძგვერაძე 2 700 ლარით.

„სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ საქმეს არაფერი საერთო არ ჰქონდა სამართალდარღვევასთან. ჩვენ ვნახეთ პოლიციელები, რომლებსაც ჰქონდათ აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები … ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელი შეგვეშალოს საარჩევნო კამპანიის წარმოებაში…“, – განაცხადა ნადირაძემ 12 სექტემბრის სასამართლო პროცესის შემდეგ.

ირაკლი ნადირაძე 4 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს კიდევ ერთ წევრთან, ირაკლი ეძგვერაძესთან ერთად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. ნადირაძე დაკავებიდან მალევე ხელწერილით გაათავისუფლეს, განსხვავებით ეძგვერაძისგან, რომელიც სასამართლო დარბაზიდან 6 სექტემბერს გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის თქმით, ეძგვერაძეზე, სავარაუდოდ, პოლიციამ იძალადა.

პოლიციის თქმით, ეძგვერაძემ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს გლდანში, სადაც ეძგვერაძე ცხოვრობს, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელი შეუშალა.

შენიშვნა: მასალა განახლდა 13 სექტემბერს, 18:36 საათზე და მასში ეძგვერაძესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება აისახა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა