TI საქართველო: „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა კომპანიებმა 2024 წელს 1.130 მილიარდი ლარის ტენდერები მოიგეს

4 hours ago 3

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 23 ოქტომბერს კორუფციის რუკის განახლებული ვერსია წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, 2013 წლიდან დღემდე „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებთან და მის დამფუძნებელთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებნმა ჯამურად 3.280 მილიარდ ლარზე მეტი მსხვილი კონტრაქტები მიიღეს სახელმწიფო შემსყიდველებისგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ თანხის თითქმის მესამედი – 1.130 მილიარდ ლარზე მეტი მათ მხოლოდ  2024 წელს დაერიცხათ.

„საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციული შემთხვევები, რაც უკონტროლო სახეს იღებს, ვინაიდან მათზე შესაბამისი სტრუქტურები ან საერთოდ არ რეაგირებენ, ან საზოგადოებას არ აწვდიან ინფორმაციას ამ საქმეებით დაინტერესების შესახებ“, – აცხადებს ორგანიზაცია.

რეგიონების მიხედვით კორუფციის ნიშნების შემცველი შესყიდვების სურათი ასე გამოიყურება:

  • აჭარა: 933 060 894 ლარი
  • სამცხე – ჯავახეთი: 841 145 309 ლარი
  • შიდა ქართლი: 427 245 670 ლარი
  • კახეთი: 442 000 000 ლარი
  • იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი: 500 131 038 ლარი
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი: 138 371 368 ლარი.

ამ საქმეებში ფიგურირებენ: მოქმედი დეპუტატები ანზორ ბოლქვაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ასევე ყოფილი დეპუტატები – იოსებ მაკრახიძე, ენზელ მკოიანი, ჯუმბერ იზორია, სერგო ხაბულიანი. აქვე არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები. მათ შორის, სენაკის მერი, ვახტანგ გადელია, ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერია, ჩხოროწყუს მერი, დავით გოგუა, ახალციხის ყოფილი მერი, ზაზა მელიქიძე, ადგილობრივი საკრებულოების წევრები და მერიების სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელები. რუკაზე მოხვდა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი ჭყონია, რომელიც „ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

ანგარიში ასევე აჯამებს რამდენიმე საეჭვო ტენდერს და გამარტივებულ შესყიდვებს, რომლებიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სხვადასხვა დროს შეისწავლა. ორგანიზაციამ თავისი დასკვნები ოფიციალურად წარუდგინა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს და ამ შესყიდვებში გამოვლენილ პოტენციურ კორუფციულ შემთხვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდა.

„კორუფციული ფაქტების სიმრავლე და მასშტაბები აჩენს განცდას, რომ პრივილეგირებული ადამიანებისთვის ხალხის ხარჯზე გამდიდრებას მწვანე შუქი აქვს ანთებული ქვეყანაში“, – აცხადებს ორგანიზაცია.

მისი თქმით, ამ კომპანიების მონაწილეობა მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში და შემდგომ მათი მხრიდან მმართველი პოლიტიკური ძალის დაფინანსება, „ქმნის სახელმწიფოს მიტაცებისა და კლეპტოკრატიული მმართველობის სისტემას ქვეყანაში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა