ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0%-ზე დატოვა

4 hours ago 2

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 23 ოქტომბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ბანკის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე ნაკლებია. მიმდინარე წლის სექტემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 0.6%-ით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 0.8% შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ფასების სტაბილურობა, უმეტესწილად, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, როგორც დროული გამკაცრების, ისე ეტაპობრივი ნორმალიზების მიმართულებით, რაც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაში აისახა. ბანკის თქმით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8.5%-მდე გაიზარდა. თუმცა, ძლიერი მოთხოვნის პარალელურად, სებ-ის შეფასებით, გაზრდილია ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც, რასაც წვლილი შეაქვს ფასებზე წნეხის შემცირებასა და დაბალინფლაციური გარემოს ჩამოყალიბებაში. ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ იქნება და საშუალოდ 1.2%-ს გაუტოლდება. საშუალოვადიან პერიოდში კი 3%-ის გარშემო დასტაბილურდება.

ბანკი ასევე ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივად და გლობალურად გაზრდილ გაურკვევლობაზე, რაც რისკებს შეიცავს და, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ფასებზე ზეწოლას ახდენს. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასების მერყეობა გაზრდილია, ხოლო წითელი ზღვის აკვატორიაში მიმდინარე მოვლენები ტრანსპორტირების ხარჯების ზრდის საფრთხეებს წარმოშობს, რაც, იმპორტული საქონლის არხით, მთლიანი ინფლაციის ზრდის რისკებს ქმნის, აცხადებს ბანკი. „ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე ვითარების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის მიმართ ასეთი ფრთხილი მიდგომა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას განაგრძობს“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 18 დეკემბერს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა