ჰერჩინსკი საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემისკენ მოუწოდებს და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობს

7 hours ago 3

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 22 ოქტომბერს ჟურნალისტებთან მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.

ევროკავშირის ელჩმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოში უსაფრთხოების სექტორზე სამოქალაქო ზედამხედველობის განვითარებისთვის, რაც ევროკომისიის ცხრა ნაბიჯითაა განსაზღვრული. „უსაფრთხოების სექტორის რეფორმა არის გრძელვადიანი პროცესი, რომელიც ყველას თანამშრომლობას მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოების ძალებზე საპარლამენტო ზედამხედველობას, სასამართლო სისტემის ზედამხედველობას. და, სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, – აღნიშნა ელჩმა ჰერჩინსკიმ.

ელჩმა მოახლოებულ არჩევნებზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები ზოგადად „დემოკრატიის ფესტივალია“. მისი თქმით, ხალხს ეძლევა უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი და შვილების მომავალი. „გთხოვთ, გამოდით, გთხოვთ, მიეცით ხმა და გთხოვთ, აირჩიოთ ხელისუფლება, რომელიც თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებს ასახავს“.

მან 20 ოქტომბერს გამართული აქციაც ახსენა და განაცხადა, რომ როგორც ევროკავშირის ელჩმა მან სიამაყე, სიხარული და ბედნიერება იგრძნო ამდენი დროშის დანახვისას. „ყველა იქ იყო და ამდენი ახალგაზრდა ვნახე. ახალგაზრდები, თქვენი შვილები, იმსახურებენ უკეთეს მომავალს, იმსახურებენ, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა აქ, საქართველოში, უკეთესი ცხოვრება არ უნდა ეძებონ სხვაგან, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დარჩნენ, იცხოვრონ, იმუშაონ თავიანთ მშვენიერ საქართველოში“.

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას მან კიდევ ერთხელ გამოხატა სინანული, რომ ისინი „ისტორიულად დაბალ დონეზეა“ და რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ხელისუფლების ქმედებების გამო შეჩერებულია. ელჩმა განაცხადა, რომ მოლდოვა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელისუფლების ქმედებების დაძლევა ხალხის ხმებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული რეფერენდუმის შედეგებმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება თითოეული ხმა გადამწყვეტი იყოს.

მისი თქმით, ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირს მისი ისტორიის მანძილზე შეუერთდა, მიეცა შესაძლებლობა დიდი წინსვლისთვის. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა, მაგრამ ქვეყანა თავად შევიდეს ამ კარში.

ბოლოს, ელჩ ჰერჩინსკის ჰკითხეს, გეგმავს თუ არა ევროკავშირი „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას არჩევნებში პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, რაზეც მან უპასუხა: „ევროკავშირში ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს მიერ, ქართველების მიერ გაკეთებულ ნებისმიერ არჩევანს. ევროკავშირმა არ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან არჩევნების შემდეგ… მე სრული ნდობა მაქვს ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ,  როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგი, თუ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ჩვენ პატივს ვცემთ ამ შედეგს და ვიმუშავებთ საქართველოს ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან.“

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა