TI საქართველოს ანგარიში 2020-2024 წლებში კორუფციის, სასამართლოს, პარლამენტისა და მედიის მდგომარეობის შესახებ

6 hours ago 2

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 22 ოქტომბერს დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც 2020-2024 წლებში ქვეყანაში დემოკრატიის მხრივ არსებულ მდგომარეობას აფასებს, კერძოდ კორუფციის, სასამართლო სისტემის, საპარლამენტო ზედამხედველობისა და მედიაგარემოს კუთხით.

„გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, დემოკრატიის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა საგანგაშოდ არის გაუარესებული. გაგრძელდა და გაღრმავდა სახელმწიფოს მიტაცების პროცესი, მაღალი დონის კორუფციის დაუსჯელობამ მიაღწია კლეპტოკრატიის ნიშნულს, სასამართლო სისტემაში კიდევ უფრო გამყარდა კლანური მმართველობა, საპარლამენტო ზედამხედველობა დარჩა ფორმალობად, კრიტიკული მედიისთვის ჩამოყალიბდა მტრული გარემო, ხოლო ჟურნალისტური საქმიანობა გახდა საფრთხის შემცველი“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ანტიკორუფციული გარემო

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „საბოლოოდ დადასტურდა, გაგრძელდა და გაღრმავდა“ სახელმწიფოს მიტაცების პროცესი. მან მაღალი დონის კორუფციის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ „მკაფიოდ გამოჩნდა კლეპტოკრატიული მმართველობის ნიშნები“.

ანგარიშში ასევე ნახსენებია ანტიკორუფციული ბიურო, რომლის მიზანიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, თუმცა „ის ვერ გამოდგა ეფექტური კორუფციის წინააღმდეგ, რადგან ასევე მოექცა მიტაცებული ინსტიტუციების რიგებში“.

TI საქართველომ საქართველოს ხელისუფლებაც გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან „არ შეასრულა ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები“.

სასამართლო სისტემა

ანგარიშში ნათქვამია, რომ გაგრძელდა სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. „კლანის“ მმართველობის კონსოლიდაცია. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „კლანის“ სათავეში მყოფ მოსამართლეებზე  სანქციების დაწესებამ ცხადი გახადა, თუ „რაოდენ ღრმად არის ჩაფლული კორუფციაში გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი, რომელიც მთელ სასამართლო სისტემას აკონტროლებს“. ორგანიზაციის თქმით, ხელისუფლებამ უარი თქვა სასამართლოსთან დაკავშირებით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე.

საპარლამენტო ზედამხედველობა

ორგანიზაციის თქმით, საპარლამენტო კონტროლი, ხშირ შემთხვევაში, უკავშირდებოდა ვიწრო პარტიული ინტერესების განხორციელებას და არ ეხებოდა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის კორუფციას.

„კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა მის საზედამხედველო ფუნქციის შესრულებაზე აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ“, – ნათქვამია ანგარიშში. „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობას ფორმალური ხასიათი ჰქონდა. პარლამენტმა არ შეასრულა ევროკომისიის მოთხოვნა, ამ სექტორზე კონტროლის გაძლიერებასთან დაკავშირებით“. ორგანიზაციის თქმით, უმრავლესობა ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდა ოპოზიციას, რათა მას ვერ განეხორციელებინა მთავრობაზე ზედამხედველობა.

მედიაგარემო

მედიაგარემოს გაუარესების კვალდაკვალ, ორგანიზაციის თქმით, გამოვლინდა ისეთი საგანგაშო შემთხვევები, როგორებიცაა – ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმები და ძალადობა, რასაც „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებაც მოჰყვა. ასევე, სამართლებრივი საქმეების აღძვრა კრიტიკული მაუწყებლების მფლობელებისა და დამფუძნებლების მიმართ და მათი დაკავება.

„საგანგაშოა მართლმსაჯულების სისტემის, კომუნიკაციის კომისიისა და ხელისუფლების დაქვემდებარებაში არსებული სხვა სტრუქტურების კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოყენება“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „განსაკუთრებით სახიფათოა მმართველი უმრავლესობის ინიცირებით მიღებული არაერთი კანონი და ნორმა, რომლითაც კიდევ უფრო შეიზღუდა და გართულდა ჟურნალისტური საქმიანობა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა