საქართველოს საპატრიარქო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განცხადებას აქვეყნებს

4 hours ago 2

საქართველოს საპატრიარქომ 22 ოქტომბერს ქვეყანაში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკურ პოზიციას ვერ დაიკავებს, თუმცა „ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს“. განცხადებას წინ უძღოდა მთავრობის გადაწყვეტილება ეკლესიისთვის რამდენიმე სოფელში მიწის ნაკვეთების გადაცემის თაობაზე.

„დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს გზას გადის. ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და, მეორე მხრივ, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან უმთავრეს მიზანს წარმოადგენს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.  

„არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს საპატრიარქო.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციებისა და დაძაბულობის ფონზე, ვთხოვთ სასულიერო პირებს, თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ“.

განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა განკარგულება, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიწები გადაეცა. კერძოდ, 17 ოქტომბრის განკარგულებიდან ჩანს, რომ ეკლესიას 1 ლარად გადაეცა ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუასურებში 3610 კვ/მ და 160 კვ/მ მიწის ნაკვეთები. ამავე განკარგულებიდან ჩანს, რომ ეკლესიას 1 ლარად ასევე გადაეცა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სალიბაურში 300 კვ/მ მიწაც. 18 ოქტომბრით დათარიღებული კიდევ ერთი განკარგულებით ირკვევა, რომ მთავრობამ ეკლესიას 99 წლით უსასყიდლოდ გადასცა 1619 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა