ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მოუწოდებს საქართველოს, უარი თქვას ანტილგბტ კანონზე და თავი შეიკავოს მასტიგმატიზებელი რიტორიკისგან

1 month ago 35

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ 10 სექტემბერს თავისი 6 სექტემბრის წერილი გამოქვეყნა, რომლის ადრესატიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილია. წერილში კომისარი მოუწოდებს პარლამენტს, უარი თქვას ანტილგბტ კანონმდებლობაზე, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მეორე მოსმენით მიიღო, და „თავი შეიკავოს ისეთი რიტორიკის გამოყენებისგან, რომელიც ლგბტი ადამიანების სტიგმატიზაციას იწვევს, ხოლო თანაბარი უფლებების მოპოვებისკენ მათ ლეგიტიმურ ქმედებებს ლგბტი პროპაგანდად წარმოაჩენს“.

კომისარი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას იმუშავოს ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროპის საბჭოსთან, რათა საუკეთესოდ დაიცვას ლგბტი ადამიანების უფლებები და ებრძოლოს მათ წინააღმდეგ  დისკრიმინაციას.

„კანონპროექტი უზრუნველყოფს ლგბტი ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს და, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას“, წერს კომისარი ო’ფლაჰერტი.

სხვა საკითხებთან ერთად, კომისარი ასევე „შეშფოთებულია ლგბტი ადამიანების მიმართ ცუდი განწყობით ქართული საზოგადოების, მათ შორის პოლიტიკოსების ნაწილში“ და იხსენებს მისი წინამორბედების განცხადებებს, რომ „ლგბტი ადამიანები კვლავ არიან სიძულვილით განპირობებული დანაშაულებისა და დისკრიმინაციის სამიზნე“.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ ანტილგბტ კანონპროექტის რამდენიმე დებულება ინცესტის გვერდით სექსუალურ ორიენტაციას და გენდერულ იდენტობას ასახელებს. „ეს მხოლოდ აძლიერებს სტიგმას და დისკრიმინაციას, რომელსაც ლგბტი პირები აწყდებიან“, – წერს კომისარი.

„როცა საქმე ეხება ბავშვების ეფექტური დაცვის უზრუნველყოფას ინცესტის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობისგან და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არის სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მხარე, ამ სფეროში არსებული ნებისმიერი ხარვეზი უნდა გადაიჭრას მიზანმიმართული საკანონმდებლო ჩარევის გზით, კონვენციით დაცული ნებისმიერი სხვა ადამიანის უფლებების დაზიანებისა და ლგბტი ადამიანების მიმართ სოციალური ცრურწმენების წახალისების გარეშე“, – წერს კომისარი ო’ფლაჰერტი.

წერილში კომისარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს, უზრუნველყოს, რომ წერილის ასლი ყველა დეპუტატისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. „მზად ვარ გავაგრძელო ჩვენი კონსტრუქციული დიალოგი ამ და ადამიანის უფლებათა სხვა საკითხებზე საქართველოში“, – დასძენს იგი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა