კრემლმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა

1 month ago 28

3 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა 1 სექტემბრიდან აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა. „1 სექტემბერს შეწყდა სოციალური დაფინანსება, რომელიც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, სამართალდამცავებს და ა.შ. ეს პირველი ნაბიჯებია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ აფხაზეთს ასევე მოუწევს ელექტროენერგიის კომერციული ტარიფებით გადახდა.

რუსეთის ამ ნაბიჯს წინ უძღოდა დაძაბულობა მას შემდეგ, რაც აწ უკვე გაწვეულმა „აპარტამენენტების კანონპროექტმა“, რომელიც აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში არარეზიდენტების მიერ ათასობით აპარტამენტის აშენებასა და შეძენის გამარტივებას ითვალისწინებდა, ოკუპირებულ რეგიონში მასობრივი საზოგადოებრივი უკმაყოფილება გამოიწვია.

„სრულიად ნათელია, რომ ბოლო დროს ჩვენს მოკავშირეებში [რუსეთში] დიდი უკმაყოფილება დაგროვდა. ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ეს არ არის ის, რაც თავიდან იყო. მახსოვს, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, აფხაზეთის აღიარების დროს, როგორი დამოკიდებულება იყო რუსულ საზოგადოებაში“, – განაცხადა შამბამ და დასძინა, რომ „ეს დამოკიდებულება აღარ არსებობს“.

„მოდით, ყველამ ერთად ვიმუშაოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად – მედიით, სოციალური ქსელებით და ყველგან – ამ დამოკიდებულების გამოსასწორებლად. ბევრი რუსი მოღვაწისგან მესმის, რომ აფხაზურ სოციალურ ქსელებში ბევრი ნეგატივია რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით, თავდასხმებით [რუსეთის] ელჩზე და სხვადასხვა მსგავსი საკითხებით“, – აღნიშნა შამბამ. შემდეგ მან „სტრატეგიულ მოკავშირესთან“ ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ერთად მუშაობისკენ მოუწოდა.

რამდენიმე დღით ადრე აფხაზურ სოციალურ ქსელში გავრცელდა დოკუმენტი სახელწოდებით „რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დიმიტრი კოზაკისა და აფხაზეთის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას შეხვედრის ოქმი”. დოკუმენტი ავალებს რუსეთის სამთავრობო უწყებებს მიიღონ ზომები, რათა აიძულონ ოკუპირებული რეგიონი „შეასრულოს თავისი ვალდებულებები“ მოსკოვის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაფინანსების შემცირებით და მოქალაქეობის ჩამოართმევით იმუქრება იმ აფხაზი „დეპუტატებისა“ და „ოპოზიციის წევრთა“ მიმართ, რომელთაც არ დაუჭირეს მხარი „აპარტამენტების კანონპროექტს“ და რომლებიც „რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარების საზიანოდ“ მოქმედებენ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბჟანია დაპირდა მოსკოვს, რომ აღნიშნულ „დეპუტატებზე“ ინფორმაციას 20 სექტემბრამდე მიაწვდის.

შამბამ არ დაადასტურა დოკუმენტის ავთენტურობა და აღნიშნა, რომ სოხუმს „ოფიციალურად არ მიუღია ის“. მისი თქმით, „ჩვენ ვერ ვადასტურებთ მის ავთენტურობას, თუმცა მასში დასმული საკითხები არაერთხელ განიხილებოდა სხვადასხვა შეხვედრებზე, მათ შორის აფხაზეთის პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეხვედრაზე. აღინიშნა, რომ ჩვენი ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გარკვეული სანქციები გამოიწვიოს“, – განაცხადა შამბამ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა