WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

26 ოქტომბერს მასირებული შეტევა იყო რუსეთის ვორონეჟის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ ვორონეჟსა და რეგიონის სხვა რაიონებზე.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა მსხვერპლი და ხანძრები სამრეწველო და სხვა ობიექტებზე. მონიტორინგის უკრაინული არხების ცნობით, სამიზნეებს შორის იყო სამხედრო დანიშნულების საწარმოები.

ვორონეჟის ოლქში უკრაინული დრონებით შეტევის საფრთხე 26 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 03:00 საათისთვის გამოაცხადეს, ორი საათის შემდეგ კი - სარაკეტო საფრთხეც.

ოფიციალური ცნობები

დილით ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დაიღუპა 2 და დაიჭრა 17 ადამიანი.

გუსევის თანახმად, საჰაერო თავდაცვამ „აღმოაჩინა და გაანადგურა” 113 უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 70-ზე მეტი ქალაქ ვორონეჟის თავზე.

გუბერნატორის ცნობითვე, ხანძრები გაჩნდა რამდენიმე საწარმოში, ქალაქ ვორონეჟის იმ რაიონში, რომელსაც საქმიან ცენტრს უწოდებენ, სკოლის სტადიონზე, მრავალბინიან სახლში და აგარაკების ორ დასახლებაში. ფასადები და ფანჯრები დაზიანებულია ქალაქის თითქმის ყველა რაიონში.

გუსევს არ დაუსახელებია კონკრეტული საწარმოები, სადაც ხანძრები გაჩნდა.

სხვა წყაროები

მონიტორინგის უკრაინული არხის Supernova+-ის წინასწარი მონაცემებით, ვორონეჟში დარტყმა იყო ნავთობქიმიურ საწარმოზე „ვორონეჟსინთეზ კაუჩუკი“, საავიაციო ტექნიკის მწარმოებელ ქარხანასა და ჩრდილოეთის ხიდზე. ხანძრები გაჩნდა საცხოვრებელ რაიონებშიც.

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული დამოუკიდებელი გამოცემის, ASTRA-ს ცნობით, ქალაქ ვორონეჟში დაზიანებულია ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „ურიცკი“. დრონი მოხვდა ბიზნეს-ცენტრ „ჩიჟოვის გალერეას“.

უკრაინას ვორონეჟზე შეტევის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.