რეჟისორი, რომელიც 18 იანვარს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოსთან აქციას მართავდა, კანონდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლით: მანიფესტაციების წესების დარღვევასა (174 პრიმა) და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილობლობაში (173).
გურამ მაცხონაშვილი დემონსტრაციებზე ნიღბების გამოყენების აკრძალვის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდა. მას ნიღაბი ეკეთა და ასე ცდილობდა პროტესტის გამოხატვას. პოლიციელის შეფასებით, ის არღვევდა მანიფესტაციების შესახებ კანონს.
„პოლიციელმა უთხრა რომ ნიღაბი ჩამოეწია. ჩამოიწია ნიღაბი - უთხრა, რომ არ ემორჩილება მოთხოვნას და აიწია“, - თქვა სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმემ, პოლიციელმა გიორგი ტაბატაძემ, რომელიც ამავე უწყებიდან იღებს ხელფასს.
გურამ მაცხონაშვილის ინტერესებს სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, მარიამ პატარიძე იცავდა. მან სხდომაზე მიიყვანა მოწმედ თამარ ხელაძე, რომელიც მცხონაშვილის მსგავსად აქციაზე იმყოფებოდა:
„დაკავებულმა რამდენჯერმე ჩამოიწია ნიღაბი, მისთვის პირადობა არავის მოუთხოვია“.
გურამ მაცხონაშვილმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მისთვის არალეგიტიმურია:
„რადგან მე არ ვაღიარებ პარლამენტს და ამ პარლამენტის მიერ დანიშნულებს... კანონიერი არ ნიშნავს მორალურად სწორს. ჩემი მრწამსი და შეხედულებები უპირველესია და იმავეს გავაკეთებდი სხვა შემთხვევაშიც იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი მგონია თანამიმდევრულობა ჩვენი მხრიდან... ჩემი ქცევა ეძღვნებოდა ორ კონკრეტულ აქტივისტს ზუგდიდში“.
სხდომის დასრულების შემდეგ მან ისევ გაიკეთა ნიღაბი, რის გამოც ის მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა დააჯარიმა.
„თემქის პოლიციასთან“ შაბათს, 18 იანვარს ექვსი ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყვნენ: გურამ მაცხონაშვილი, სონა კალანდაძე, „ჰარაკის“ მენეჯერი მარიამ პაიჭაძე, თამარ ჩუმაშვილი, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი. ყველა მათგანი ნიღბის ტარების აკრძალვის დაკანონებას აპროტესტებდა.
იმავე დღეს, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან - ზანდუკელის ქუჩიდან - სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა პირებმა წაიყვანეს ორი დემონსტრანტი - რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია. მოგვიანებით, შსს-ში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ისინი დაკავებული არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე პრიმა მუხლებით.
პირველი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს, მეორე კი - შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას.